პროკურორი - დეკანოიძემ და დათუნაშვილმა გამოძიებას ვერ მიაწოდეს ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით - გამოძიება გრძელდება და ყველა პირი, ვინც შემხებლობაში იქნება, გამოიკითხება

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და თამაზ დათუნაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გამოძიებას ვერ მიაწოდეს ინფორმაცია უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

როგორც პროკურორმა მათი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოიძემ და დათუნაშვილმა განაცხადეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს წერილიდან შეიტყვეს.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მათ შორის, ოჯახის წევრების და მეუღლის გამოკითხვის შედეგად ნამდვილად არის დადასტურებული ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გარკვეულ პირთა წრე გამოკითხულიყვნენ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, გარკვეულ პირთა წრე გუშინ გამოიკითხა. პირები, რომლებმაც უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე, მოხდა მათი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. ამ დროისთვის დაიკითხა ორი პირი, ხატია დეკანოიძე და თამაზ დათუნაშვილი. თითოეულმა მათგანმა როგორც სასამართლოს წინაშე დაკითხვისას განაცხადეს, ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ შეიტყვეს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით“,-განაცხადა მედეა ცირამუამ.

როგორც პროკურორმა განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის სხვა საქმეებზე გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„რაც შეეხება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, ის არ ფლობს არანაირი სახის ინფორმაციას ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მას არ მოუწოდებია რაიმე ავთენტური ინფორმაცია თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მე შემიძლია გესაუბროთ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წარმოებაში არის. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა , რომ ირაკლი ღარიბაშვილს ცრუ დასმენის საქმეზე ბრალდება წარედგინოს, მედეა ცირამუამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღება.

„უკვე გითხარით ღარიბაშვილმა რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების საფუძველზე ხდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცებულებებით არცერთი მოწმე თვითმკვლელობის ფაქტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. საგამოძიებო ორგანო ყველა პირს იბარებს, ვისაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით მას საგამოძიებო ორგანოსთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მას ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც კითხვებზე ეპასუხა, ასევე შეკითხვის მიღმა ინფორმაციის მიეწოდებინა. ის კატეგორიული იყო, რომ არანაირ სახის ინფორმაციას არ ფლობს ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა პროკურორმა.

როგორც მედეა ცირამუა განმარტავს, თუკი საჭირო იქნება, გამოსაკითხ პირთა წრეც გაიზრდება.

„გამოძიება გრძელდება. თუკი ვინმეს გამოკითხვის საჭიროება იარსებებს, საგამოძიებო ორგანო გამოკითხავს მას და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. გამოძიება გრძელდება და ყველა პირი, ვინც შემხებლობაში იქნება, გამოიკითხება“,-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია