პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს

პროკურორი გოგა კაკოჩაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარშვილს, რომელიც მუქარისთვის არის ბრალდებული, იარაღის ნაწილში, სსკ-ის 236-ე მუხლით ბრალი დაუმძიმდეს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ თამაზ ელიზბარაშვილს რეალურად ჰქონდა იარაღი, რატომ არ არის მის მიმართ ამ მხრივ ბრალი წარდგენილი, პროკურორი პასუხობს, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ცეცხლსასროლი იარაღი არ გვიხსენებია. გაცხადებული პოზიციაა, რომ ის დემონსტრაციულად შეიარაღებული დაბრუნდა უკან, რესტორნის ტერიტორიაზე. მოცემულ ეტაპზე, შეკრებილი მტკიცებულებებით გამოიკვეთა სსკ-ის 151-ე მუხლით [მუქარა] გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ნიშნები, შესაბამისად, ბრალდებულს სწორედ ამ მუხლით წარედგინა ბრალი. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეში ამოღებულია რიგი მტკიცებულებები, როდესაც იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამოკვეთს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მოხდება ბრალდების დაზუსტდება". განაცხადა პროკურორმა.

ამის შემდგომ, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, პროკურორი პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს გამოვრიცხავ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების მხრივ. დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად. რეალური მუქარა დაიწყო რესტორანში, შემდგომ გაგრძელდა რესტორანში ბრალდებულის დაბრუნებით. მეორე დღეს ბრალდებული კვლავ მიდის იმავე რესტორანში, სადაც მუქარის ფაქტი განხორციელდა, ეძებს დაზარალებულებს და წინა დღეს სიტყვიერ კონფლიქტში მონაწილე პირებს და შემდგომ უკვე, სოციალურ ქსელში გაცხადებული სტატუსებით გარკვეულ დროს აძლევს ბოდიშის მოსახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგინება და იმუქრება კვლავ დაზარალებულების წინააღმდეგ”,- განაცხადა გოგა კაკოჩაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია