მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ გამოკითხვის მონაწილე. საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე, ისინი ვინც ახლა იკითხებიან ან გუშინ დაიკითხნენ, არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობდნენ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მეტი კონკრეტიკა და მოუწოდებს მას, რომ „როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში, იმიტომ რომ ჩვენ ვრეაგირებთ ეტაპობრივად“.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გამომძიებლებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, დრო დავაკარგვინეთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად აცდენილია დასაკითხ პირთა წრე. მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ გამოკითხვის მონაწილე. რეალურად, საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე, ისინი ვინც ახლა იკითხებიან ან გუშინ დაიკითხნენ, არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას იმ საკითხის ირგვლივ არ ფლობდნენ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე, რის თაობაზეც ისმებოდა შეკითხვები.
შესაბამისად, ჩემს ჩვენებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოქვეყნდება, „არ ვიცი, არ ვიცი“ არ წერია. მინდა, რომ ეს პიარ ხრიკი დავუნგრიო „ქართული ოცნების“ უნიჭო პიარ მენეჯერებს და ვთქვა, რომ ამ ჩვენებაში წერია ზუსტად ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე.
მე ვითხოვ გამოძიებას და ამ ჩვენებაშიც ეს მაქვს ასახული, ირაკლი ღარიბაშვილის მეხუთე წერილის პირველ ეპიზოდზე, ანუ მდინარაძე-კობახიძემ შეუგზავნა მას თებერვალში გაზეთი „ასავალ-დასავალი“. ვითხოვ დაიკითხოს ის ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ „ასავალ-დასავალში“, სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე?
დღეიდან ისმება კითხვები უკვე გარეჯთან მიმართებაში და რაც შეეხება თვითმკვლელობას, თვითმკვლელობის დეტალებზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს და პირიქით, აქ კითხვების მთელი კასკადია: რა კავშირი აქვს ამ თვითმკვლელობას, ან შესაძლო თვითმკვლელობას სტატია - ინტერვიუსთან, რომელიც გამოქვეყნდა „ასავალ-დასავალში“, ანუ დავით გარეჯის თემა, რაზეც საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძე, „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტზე, რაზეც საუბრობდა ლაზარე ჯორბენაძე. ამ კუთხით უნდა წავიდეს გამოძიება და მე ეს მოვითხოვე ჩემს ჩვენებაში. როცა ეს ჩვენება გამოქვეყნდება, თქვენ გექნებათ საშუალება, რომ წაიკითხოთ, რასაც ვამბობ, ის დადასტურდება.
არავინ არ იცის, სინამდვილეში როგორ განვითარდება მოვლენები. მე პირადად, არ ვიცი კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი, რა წერილს გამოაქვეყნებს.
მე მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში, იმიტომ რომ ჩვენ ვრეაგირებთ ეტაპობრივად. მე ვრეაგირებ იმ წერილებზე, სადაც ჩემი გვარია ნახსენები. წინასწარ მე, მაგალითად, არაფერი არ ვიცი და მივყვებით მოვლენებს", - განაცხადა ინაშვილმა.