მედია - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომისშემდგომი ახლო აღმოსავლეთის გეგმას ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ომისშემდგომ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც ირანის შეკავებისა და ისრაელსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების რეგიონულ ძალისხმევაზეა ორიენტირებული, - ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ჯერ კიდევ შემუშავების საწყის ეტაპზეა, მისი მიზანია ირანის ომის დასრულების შემდეგ და პრეზიდენტ ტრამპის ვადის ბოლო ორი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიდგომის წარმართვა.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სტრატეგიაზე საწყისი მუშაობა როგორც ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე სხვადასხვა უწყების სამუშაო დონეზე მიმდინარეობს.

წყაროების ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპმა ორი შეხვედრა გამართა უფროს მრჩევლებთან, რომლის დროსაც გეგმა განიხილეს და იდეები წამოჭრეს. პირად საუბრებში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში „გაცილებით უფრო დიდ რამეზე“ მუშაობს.

წყაროების ცნობით, სტრატეგიის შესაძლო ნაწილად სამი ძირითადი ელემენტი განიხილება ირანის შესაკავებლად აშშ-ის მოკავშირეებს შორის რეგიონული გაერთიანების შექმნა, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების რეგიონული შედეგების დასასრულებლად კოორდინირებული ძალისხმევის განხორციელება ტრამპის ღაზას გეგმის შემდეგი ფაზის უზრუნველყოფით, ისრაელსა და სირიას შორის უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევით და ისრაელ-ლიბანის შეთანხმების განხორციელებით, აბრაამის შეთანხმებების გაფართოება და საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმების მიღწევა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, სტრატეგიის შემუშავებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. „ისინი მას ამზადებენ, მაგრამ ჯერ არ არის მომზადებული. იდეა რეგიონში არსებული მრავალი რამის ერთმანეთთან დაკავშირებაა - როგორ უნდა შეიქმნას რეგიონული გაერთიანება ომის შემდეგ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, მხარს დაუჭერს თუ არა მას რეგიონში აშშ-ის ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა წყარომ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია