ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დავიდა, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილს, სადაც ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი წინამორბედის წერილები არასერიოზულია.
„ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ მარტივი, ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას - პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ეს მაკავებს იმისგან, რომ რამე ღრმა კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით. მეორე, იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რამე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას“, - აცხადებს კობახიძე.
კითხვაზე, თუ ვინ დგას „ცრუ კამპანიის“ უკან, პრემიერი პასუხობს, რომ ეს „დამალული არც არის“.
„ფაქტია, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან, ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული, არიან ძალები, რომელთაც მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“, - აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.