პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ფაქტია, რომ ლაზარე ჯორბენაძის მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფვრადია“.
მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძე არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
„არ ვიცი ამაზე რა უნდა გითხრათ. ადამიანი გარდაცვლილია, არ მინდა მასზე რაიმე ისეთი ვთქვა, მაგრამ ფაქტია - მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც მგონი, ძალიან მარტივად გაშიფვრადია. ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა. ასეთი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე. ვერცერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ასე შემდეგ. ადამიანზეა საუბარი, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარიო. კაცი გარდაცვლილია და უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური ამ ყველაფერზე საუბარი“,-განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ დაიბარა პროკურატურამ გამოკითხვაზე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საგამოძიებო უწყებამ ვინც საჭიროდ მიიჩნია, ყველა დაიბარა გამოკითხვაზე.
„პროკურატურამ ვინც ჩათვალა საჭიროდ, ის დაიბარა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ადამიანები გამოვიდნენ კონკრეტული ბრალდებებით, რაც არ უნდა არასერიოზული იყოს ეს ბრალდება, პროკურატურას მაინც აქვს პასუხისმგებლობა, დაიბაროს ადამიანები და გამოკითხოს ისინი. ეს არის სამართლებრივი პროცედურები, რაც წარიმართება. მე რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი? ეს დაახლოებით რა დონის ტყუილია იცით? ვიღაცამ რომ თქვას, პარლამენტმა მიიღო კანონი დავით გარეჯთან დაკავშირებითო, დაახლოებით ამ დონის ტყუილია. როგორ შეიძლება ასეთ რამეზე სერიოზული მსჯელობა წარიმართოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“. ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.