ჩვენ თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს მოეწონება თუ არა - პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს სწორედ ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “არაერთხელ აქვს კაია კალასს ნათქვამი, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ არ ელაპარაკებიან მას”.
“აქედან გამომდინარე, სხვა ვერაფერს დავამატებ, თუმცა ჩვენ თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს მოეწონება თუ არა. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ვფიქრობ, პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს სწორედ ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას”, - განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „აქტიურდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მოამზადონ კავშირი საუკეთესოდ ახალი წევრების მისაღებად“, თუმცა მას ჩამონათალში საქართველო არ უხსენებია. "გაფართოების შემოდგომა ახლოვდება - ინტენსიური ხდება დისკუსიები, თუ როგორ მოვემზადოთ ახალი წევრების მისაღებად," - განაცხადა მარტა კოსიმ.