ყველანი ღრმად შოკირებულები ვართ. ამ ფორმით ამას არ ველოდით. გუშინდელი დღიდან რაღაც შეიცვალა არა მხოლოდ საქსონია-ანჰალტში, არამედ მთელ გერმანიაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, საქსონია-ანჰალტშის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას შედეგები ექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
„ამ არჩევნების შედეგს შედეგები ექნება. მას ასევე ექნება შედეგები საერთაშორისო სიტუაციაზე. თუ დააკვირდებით, ვინ მიულოცა მათ გუშინ, ეს აჩვენებს საერთაშორისო ყურადღების ხარისხს, რომელსაც ეს არჩევნები იწვევს“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ეს არის ყველაზე დიდი საარჩევნო მარცხი, რაც კი „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ბოლო წლების განმავლობაში განუცდია.
„როდესაც ფედერალურ მხარეში ამომრჩეველთა 60 პროცენტი, ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობის პირობებში, ხმას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ფუნდამენტურად ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და წესებს, მაშინ ეს არის არჩევნების შედეგი, რომლის უბრალოდ უგულვებელყოფა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება შეუძლებელია. უნდა ვაღიარო: ეს არის ყველაზე სერიოზული საარჩევნო მარცხი, რაც კი „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ბოლო წლების, უფრო მეტიც, ათწლეულების განმავლობაშიც კი განუცდია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, სტანდარტული ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებენ : „რეფორმები უკეთ უნდა ავხსნათ“ - საკმარისი აღარ არის.
„მინდა გავიმეორო: ჩვენ უნდა ვეცადოთ - მათ შორის მეც - უფრო ძლიერად მივაღწიოთ ადამიანებამდე ემოციურ დონეზე“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, გერმანიაში ბევრი ადამიანის საცხოვრებელი მდგომარეობა რთულია. ბევრ ადამიანს ეშინია საკუთარი მომავლის, ეკონომიკური საფუძვლებისა და სოციალური უსაფრთხოების.
გუშინდელი დღიდან ბევრ ადამიანს კიდევ ერთი შიში დაემატა: რომ ჩვენი ქვეყანა უარესობისკენ იცვლება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიის მტკიცე განმტკიცებას საზოგადოებაში.
„სწორედ ამიტომ, მსურს, კოალიციაში მყოფ „სოციალ-დემოკრატებთან“ ერთად, მთელი ჩვენი ძალისხმევა ახალი და უკეთესი ნარატივის შემუშავებაზე გავამახვილო, რომელიც უკეთესად ახსნის და უკეთეს მიზეზს წარმოადგენს იმისა, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ეს რეფორმები აუცილებელია და სწორია“, - აღნიშნა მერცმა.
მერცის თქმით, იცის ვისთან აქვს საქმე.
„მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: აქედან აღმოსავლეთით 2500 კილომეტრში განსაკუთრებით დიდი სიხარულია ამ არჩევნების შედეგის გამო და ეს გასაკვირი არ არის, როდესაც დააკვირდებით ყველას, ვინც ცდილობდა ამ არჩევნების შედეგის ხელშეწყობას. ამგვარად, ამ მხრივ, ჩვენ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, გერმანიამ უკრაინის მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს.
„ერთი მილიმეტრითაც არ გადავუხვევ ჩემს ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება რუსეთისგან, განსაკუთრებით ახლა. თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ხვალ საქმეები არ გამოსწორდება. ისინი კიდევ უფრო უარესდება. რუსეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობის მიზანია იმ ღირებულებების სისტემის დესტაბილიზაცია, რასაც ჩვენ ოდესღაც დასავლეთს ვუწოდებდით. ეს ღირებულებების სისტემა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, - აღნიშნა მერცმა.