ღარიბაშვილის პრეტენზიები შესაძლოა ფორმალურად მიმართულია კობახიძე-მდინარაძისკენ, მაგრამ სინამდვილეში სამიზნე ბიძინა ივანიშვილია - ციხეში მყოფი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძეს ახალ ბრალს უყენებს და მკვლელობებში ადანაშაულებს, ეს პირდაპირი დადანაშაულებაა, პირველ რიგში ივანიშვილის, - ასე აფასებს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გაკეთებულ განცხადებებს.
ლაშა ფარულავას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილსა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებობდა შეთანხმება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია.
„სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ პოლიტიკური სივრცე ამოწურა და სწორედ ამიტომ დაიწყო შიდა წიოკი. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოველკვირეულად ახალ-ახალ განცხადებებს ავრცელებს, რას ნიშნავს? მან გვითხრა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. მას ჰქონდა ჩრდილოვანი გარიგება ივანიშვილთან, ბიძინა ივანიშვილმა კი არა მხოლოდ დაარღვია ეს გარიგება, არამედ მისი ოჯახის დაწიოკება დაიწყო. თუ „ქართულ ოცნებაში“ მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი მას ბრალს უყენებს კორუფციაში და ნამდვილად, ირაკლი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ეს დაჯგუფება თუ რამით გამოირჩევა, ეს სწორედ კორუფციაა, რომელზეც ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო და ძალაუფლება ჰქონდა, მეორე მხრივ, როდესაც ერთი ჯგუფი მეორეს კორუმპირებულს ეძახის და ციხეში უშვებს, ციხეში მყოფი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძეს ახალ ბრალს უყენებს და მკვლელობებში ადანაშაულებს. ეს პირდაპირი დადანაშაულებაა, პირველ რიგში ივანიშვილის, რადგან მან დაურღვია კონტრაქტი ირაკლი ღარიბაშვილს. ღარიბაშვილის პრეტენზიები შესაძლოა ფორმალურად მიმართულია კობახიძე-მდინარაძისკენ, მაგრამ სინამდვილეში სამიზნე ბიძინა ივანიშვილია“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ შეფასებებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთ ნარატივში ჯდება, რაც შემთხვევითი ვერ იქნება და ეს არის შეთანხმებული ქმედება, ფარულავას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ ბრალი სხვას წაუყენონ, როდესაც თავად არიან პასუხისმგებელი კორუფციასა და სხვადასხვა სახის დანაშაულებზე.
„რაც შეეხება „ოცნების“ განცხადებებს, მაგალითისთვის, შარმანაშვილი სოციალურად და პოლიტიკურად ისეთი მოვლენაა, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტო ჰქონდა კაბინეტში და ამით ამაყობდა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ფოტო ჩამოკიდა. ეს ადამიანი ახლა ბრალს ჩვენ გვიყენებს. ლევან ხაბეიშვილი, პრეზიდენტი სააკაშვილი და ჩვენი გუნდის წევრები წლების განმავლობაში ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის, „კახური კლანის“, ფარცხალაძის, ლილუაშვილის კორუფციულ დანაშაულებზე, იმაზე, რომ ჯარს ძარცვავდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჯარის აღმშენებლობა მოხდა, „დიდგორი“ და „ლაზიკა“ შეიქმნა, ეს ინდუსტრია და კომპანია „დელტა“ კი ღარიბაშვილმა ნულზე დაიყვანა. ფულს იპარავდა, ერთ თავდაცვის მინისტრს მეორესთან მიჰქონდა ფული, პრემიერ-მინისტრთან მიჰქონდათ ფული, ამას უკვე სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძეც ადასტურებს. არსებობდა ერთი ქალბატონი, დალი მჭედლიძე, რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და იყო ხარისხის კონტროლის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. იგი ამბობდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელი რომ არ მოვაწერე და კონკრეტული ინვენტარი დავიწუნე, სამსახურიდან გამათავისუფლესო. რადგან ამ კორუფციაზე, გულგრილობასა და კონკრეტულ დანაშაულზე, რომელიც ქართულ არმიაში ხდებოდა, ეს ქალბატონი საუბრობდა, გამოაგდეს.
„ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათია კორუფცია და მკვლელობები. ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება პირდაპირ უკავშირდება „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს. ეროსი კიწმარიშვილი ღვედგადაკრული იპოვეს მოკლული, იქ არავითარი თვითმკვლელობა არ ყოფილა. კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეთა გარდაცვალება, არცერთი ეს საქმე გამოძიებული არ არის. ბაჩალიაშვილის მკვლელობა. ეს საქმეები უკავშირდება „ქართულ ოცნებას“.
ეს ფარცხალაძე, რომელიც აშშ-მა ჯაშუშად გამოაცხადა, მათი საარჩევნო გენერალი იყო, რომელიც ბოტასების ქურდი იყო და მას „აპრავებდა“ მთელი „ქართული ოცნება“, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან და ბოდიშიც არ მოუხდიათ. ეს კაცი არის მკვლელად გამოცხადებული, რუსეთის ჯაშუში, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილს წაუყენა ბრალი. არჩილ კბილაშვილმა ბრალი რატომ არ წაუყენა სააკაშვილს? რადგან ის პროფესიონალი იურისტია, მან ვერ გაბედა ამ სიბინძურეზე ხელის მოწერა. მოიყვანეს ბოტასების ქურდი, რომელმაც არა მხოლოდ ბრალი წაუყენა სააკაშვილს, არამედ ამ ბრალით იგი ციხეში იმყოფება და რეჟიმის პირობებში, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს ადამიანი წავიდა, გვარი შეიცვალა და რომანოვი გახდა, ჩამოაყალიბა ბატალიონი, ცინიკურია, „გეორგიევსკის ბატალიონი“ და ეპატიჟება ადამიანებს ფრონტზე, რუსეთისა და პუტინის მხარეს. ამაზე მეტი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ესენი არიან რუსული, პუტინისტური სისტემის ნაწილი, არ არსებობს.
ოთარ ფარცხალაძე იყო „ქართული ოცნების“ არაოფიციალური გენერალი. ის „ქაღალდის გენერალი“ კი არა, მამუკა მდინარაძე რომ ჰყავთ, არამედ რეალური გენერალი იყო. იგი აკონტროლებდა პროკურატურას, ჯიბეში ჰყავდა ირაკლი შოთაძე, აკონტროლებდა ფინანსურ პოლიციასა და მთლიან სისტემას. ის ითვლიდა ე.წ. ქოლცენტრებიდან მიღებულ მოგებას და შექმნილი ჰქონდა კრიმინალური სქემა. პანდემიის დროს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, ყველა შეზღუდვას არღვევდა და რომელიც ლევან ხაბეიშვილმა გამოიჭირა, სწორედ ფარცხალაძე იყო. 600-მილიონიანი დღგ-ის სკანდალი ჩაფარცხეს და ეს თანხა ბიუჯეტში არავის დაუბრუნებია. ეს ყველაფერი მათ შერჩათ, რადგან ამ კორუფციისა და კრიმინალის მთავარი დირიჟორი ბიძინა ივანიშვილია და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ არცერთი დაპირება არ შეუსრულა, ხოლო ბიუჯეტში გაჩენილი დამატებითი ფინანსები მოსახლეობის დაჯარიმებისა და გაზრდილი გადასახადების შედეგია.
„ბიძინა ივანიშვილი არანაირ სვლებს არ აკეთებს, მან თავისი რესურსი ამოწურა. ღარიბაშვილი არის „პროტოქოცი“, პირველყოფილი „ქოცი“, შარმანაშვილი კი მათ წიაღიდან მოსული არ არის, ჩვეულებრივი მედროვეა. ახლა ის ღარიბაშვილს რომ ესხმის თავს, ეს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მოსწონს? არ მოსწონს.
არ არსებობს დაპირება, რომელიც მათ შეასრულეს, გადასახადები კი იზრდება. ბიუჯეტში დამატებით 800 მილიონი ლარი გაჩნდა. ეს არის საწვავის აქციზიდან, ჯარიმებიდან, საწვავის დღგ-დან, ხალხის „გაპარსვით“ შემოსული ფული. სად მიდის ეს ფული? არცერთი სკოლა და ბაღი არ აშენებულა. ამ პოლიტიკურ-კრიმინალური დაჯგუფების დრო ამოიწურა და ის ერთად უნდა გავისტუმროთ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.