„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემები არ აინტერესებს და ყურადღება ე.წ. კორუფციულ საკითხებზეა გადატანილი.
როგორც დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, კორუფცია ხელისუფლებისთვის არა ცალკეული შემთხვევა, არამედ მმართველობის ფორმაა.
„მთელი პროცესი, რაც „ქართული ოცნების“ შიგნით ხდება - კლანური დაპირისპირება, მარტივ რამეზე მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელსაც არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ყოველდღიური პრობლემები. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს გადაუჭრას პრობლემები, ადარდებთ მოპარული ათეულობით მილიონი დოლარი, ოქროს ზოდები სახლში, ძვირად ღირებული მანქანები - ეს ადარდებთ, არ ადარდებთ ქვეყნის ყოველდღიური პრობლემები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორუფცია არ არის გვერდითი მოვლენა, ის არის მმართველობითი მოდელი.
საზოგადოებას ეუბნებიან არა ნახევარ სიმართლეს, არამედ ტოტალურ ტყუილს, რომელიც იდიოტიზმში გადადის. ეს მოდელი ვეღარ მუშაობს, ბიძინა ივანიშვილი ამ მოდელის ყველა კომპონენტს ვეღარ აკონტროლებს.
სოციალურ თემებზე საზოგადოებას პასუხები სჭირდებათ. „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაა, რომ ამ ქვეყანაში ვერ მოკლავ კორუფციას, სანამ ივანიშვილის ხელისუფლებას არ მოვიშორებთ. „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაა ალტერნატივა ვაჩვენოთ საზოგადოებას. ეს არის საღ აზრზე დაფუძნებული ნორმალური მმართველობა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.