კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ევროკავშირს „ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს“.
კითხვაზე, ვინ არის მსგავსი „მოწინააღმდეგე“, კოსმა უპასუხა, რომ „ცხადია, ერთ-ერთი მათგანი რუსეთია“.
ასევე, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ზეწოლას დასავლეთის, MAGA-ს იდეოლოგების მხრიდანაც“ განიცდის.
„ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და შესაფერისი დემოკრატია არ გვაქვს“, - აღნიშნა კოსმა.
ევროკომისარმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი „განსხვავებული შემთხვევაა“, რომელიც ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებში არ არის ჩართული, როგორსაც რუსეთი კანდიდატ ქვეყნებში აწარმოებს.
კოსის თქმით, ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობს, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
„ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ და ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაციას ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.