კულტურის სფეროში კულტურის მინისტრად ინიშნება განსხვავებული სფეროდან წამოსული ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება ამ სფეროს მართვაში, ეს ნიშნავს რეპრესიებს. რაც ხდება, არის კულტურაში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - ასე გამოეხმაურა “ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კულტურის მინისტრის პოსზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაია ბითაძის დანიშვნას.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, ტუღუშის შეფასებით, წელიწადნახევრის განმავლობაში აღნიშნული უწყების მეხუთე ხელმძღვანელის დანიშვნა აჩვენებს, როგორ ხედავს ქვეყნის უსაფრთხოებას “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი.
„რაც შეეხება კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძის წარდგენას, აქ სერიოზული პრობლემაა ისევე, როგორც წინარე ისტორიაზე. ის ფაქტი, რომ კულტურის სფეროში კულტურის მინისტრად ინიშნება განსხვავებული სფეროდან წამოსული ადამიანი, რომელსაც შესაძლოა კულტურასთან ჰქონდეს გარკვეული შეხება, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ არ აქვს არანაირი გამოცდილება ამ სფეროს მართვაში. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საქართველოში კულტურის სფეროში პოლიტიკოსის მოსვლა. ეს ნიშნავს რეპრესიებს. რაც ხდება, არის კულტურაში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ შეგვიძლია წმენდები გავიხსენოთ, რომელიც ამ სფეროში მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი დაინიშნა კულტურის მინისტრად. ერთის მხრივ ყრიდნენ და წმენდდნენ ამ სისტემას და მეორე მხრივ, გვქონდა მართლაც კატასტროფული სიტუაცია, მაგალითად, გელათთან - უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით: წყალი ჩამოდიოდა, ფრესკები იშლებოდა, ინგრეოდა და ვერაფერს უშველიდნენ, რადგან ამ სფეროსი იყო ძალიან უხარისხო მართვა და დამაზიანებელი. საპატრიარქოს სთხოვეს, რომ თქვენ მიხედეთო. სახელმწიფომ გადააბარა საპატრიარქოს ეს საკითხი. გვახსოვს, როგორი აგრესიული პოლიტიკა განხორციელდა მწერლების მიმართ, როგორ შეიცვალა ინსტიტუციური მიდგომები, რაც არსებობდა ამ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ. გვახსოვს, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თეატრების მიმართ, დირექტორებზე რა ზეწოლა ხორციელდებოდა, რადგან თეატრიც პოლიტიკური განზომილება გახდა და არა ცალკე აღებული კულტურა. როგორ ფორმირდებოდა კინოცენტრი და როგორ პოლიტიკას ახორციელებს, ესეც ძალიან კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი ნაბიჯები გადაიდგა, ამიტომ ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ახალი უბედურება არ დააწიონ ამ სფეროს.
რაც შეეხება სუს-ის უფროსების შეცვლას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეწირება პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებს, სხვანაირი ახსნა არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჰიპოთეტურ ხელმძღვანელს ევალება განახორციელოს ის დავალებები, რომლებსაც არ ან ვერ ასრულებს, ასეთი სწრაფი ცვლა სხვანაირად ვერ აიხსნება. ფორმალური ნაწილი ამ ყველაფრის არის მიჩქმალული, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არაფორმალური ნაწილი არსებობს. აუცილებელია წესიერად ახსნან სუს-ის უფროსების ცვლილება. არ შეიძლება ყველას უშვებდე, აქედან ნაწილი ციხეში ხვდებოდეს და მეორე ნაწილი სადღაც მოძრაობდეს, როგორც მდინარაძე შემთხვევაში, რომელსაც რაღაც უნიკალური ისტორია აქვს, მისთვის იქმნება თანამდებობები, შემდეგ უქმდება და პარლამენტი კავდება ამ საკითხებით.
ფაქტია, ეს გადაადგილებები ერთმანეთთან დაკავშირებულია. რაღაცას აკეთებს ან ვერ აკეთებს. ისეთი არაფორმალური სისტემების არსებობისას, როგორც ჩვენთან პოლიტიკა ხორციელდება, რაღაც ფსევდო ფორმალური პოლიტიკა, რადგან ძირითადად კულუარულია ყველაფერი, ასეთ დროს ძალიან დიდი ნაწილი უკავია სუბიექტურ მომენტებს, რაღაც პოლიტიკური წრე და ჯგუფები, მათ შორის მმართველი ჯგუფის შიგნით. თუმცა ძალიან საინტერესოა ის ხაზები და ის საკითხები, რომლებიც დაფარულია და ჩვენ ჯერ არ ვიცით. როგორც წინა შემთხვევაში, როდესაც კულტურის მინისტრის წასვლაზე ვსაუბრობდით და ათას ინსინუაციებზე, დარწმუნებული ვარ, აქაც ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ გაგვაკვირვებს. რადგან რეალურად არ ვიცით რა ხდება, დარწმუნებული ვარ, იმდენად უცნაურ რაღაცებს გავიგებთ გაკვირვებულები ვიქნებით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვხედავთ რაც ხდება სასამართლოში, სადაც არ არის სამართლებრივი სახელმწიფო იქ არ არის სამართლებრივი ლოგიკა, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში იცი პოლიტიკას რა ადგილი უკავია და სასამართლოს რა ადგილი უკავია. სადაც ეს არ არის, იქ არაფორმალური პროცესები მიმდინარეობს და იქ ყველაფერი სუბიექტურია.
როგორ აგვიხსნეს სუს-ის უფროსი თანამდებობის დატოვება? - ამას შევაფასებ, როგორც დაბალ პოლიტიკურ კულტურად, როდესაც გიხსნიან ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის წასვლას, რომ თითქოს, რაღაც პრობლემა ჰქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ და წავიდა. რას ნიშნავს ეს, უნდა აიხსნას. საქმე გვაქვს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობის პირთან, რომელიც მიდის გაუგებარი მიზეზების გამო და ჩვენ უნდა ვისხდეთ, ვივარაუდოთ და შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორ ხედავს უსაფრთხოებას ეს პოლიტიკური გუნდი. ეს არის მათი პირადი უსაფრთხოების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მნიშვნელოვანი რგოლის ხელმძღვანელს წელიწადნახევრის განმავლობაში ხუთჯერ შეცვლიდნენ? როგორი სტრესული და ცუდი ვითარებაა დღეს წარმოიდგინეთ, მზესუმზირას ეფექტივით არის - “შეჭამა”, “ეს არ მოსწონდა”, გადააგდო. თავისი ხალხი მიჰყავთ და მოჰყავთ, ვიღაცებს აწინაურებენ, რაღაცებს ანგრევენ. საბოლოოდ უნდათ, რომ დაანგრიონ ყველაფერი. ამიტომ მგონი, ამ კონტექსტში უფრო მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის რამდენად დამაზიანებელია. ხვალ ან ერთ თვეში შეიძლება ეს კაციც შეცვალონ, შემდეგ კიდევ ვიღაცებს მოიყვანენ და რა პროცესთან გვაქვს საქმე გაუგებარია, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა ტუღუშმა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ტუღუშმა ისაუბრა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართოს. ლაშა ტუღუში თვლის, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი 2028 წლის არჩევნებისთვის არის გამიზნული.
„რომ არ უნდოდეთ პარტიების აკრძალვა, სარჩელს არ შეიტანდნენ. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ხედავენ ისინი ამ პროცესში ზიანს საკუთარი თავისთვის. მე ვფიქრობ, ეს არის უცნაური მანევრების მიზეზი და არა ის, რომ რაღაც “ტრიუკია” და წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, რომ ისინი ამით რაღაც სხვა მიზნებისკენ დგამდნენ ამ ნაბიჯს. ვფიქრობ, მათ მართლა უნდათ, რომ ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია გააქრონ, ეს არის მათი პოლიტიკური კრედო. ისინი ამბობენ დემოკრატიას, მაგრამ დემოკრატიაში მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობენ. ის, რასაც გულისხმობს დემოკრატიული სახელმწიფოები, დემოკრატიული კულტურა და ხედვა, რაც საუკუნეობით განმავლობაში ყალიბდებოდა, ის სხვა რამეს გულისხმობს ამ სიტყვის უკან. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს აკრძალვები მიმართულია 2028 წლის არჩევნებისთვის. მე ვფიქრობ, მათ აქვთ დრო იმისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თვალსაზრისით და სრულყოფილი გახადონ შეზღუდვის დიაპაზონი. დააკვირდით, როგორი პირველი ნაბიჯი გადაიდგა, პირველი ნაბიჯი იყო მათ წინააღმდეგ, ვინც ბარიერი გადალახა, შემდეგ დაამატეს ის პარტია, რომელსაც პოტენციალი გააჩნია ბარიერთან დაკავშირებით, შემდეგ ის პარტია, რომელიც აღიზიანებთ და შესაძლოა, მეორე ეშელონიდან მას გაეზარდოს რეიტინგი იქიდან გამომდინარე, რომ გააუქმონ - ვიღაც ხომ უნდა გამოჩნდეს ამ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის. ამ ლოგიკას, რომ გავყვეთ, მგონია, ისინი პოტენციურ პერსონებსაც მიადგებიან, რომლებიც შეიძლება გახდნენ საფრთხე მათთვის, რადგან შესაძლოა, რაიმე პარტია შექმნან და მესამე ან მეორე ტალღის პარტია გააძლიერონ. ეს არის ხაზი, რომელიც მიდის, გრძელდება და კატეგორიულად ვამბობ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, რომ ეს რაღაც კომბინაციაა. ძალიან მკაფიოა მათი მიზნები - სურთ, რომ მხოლოდ თვითონ იყვნენ და არავინ სხვა.
ხოლო, რა პოზიციას დაიკავებენ საკონსტიტუციო სასამართლოდან მოსამართლეები, იქნება დამოკიდებული ზოგად ვითარებაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ვითარებაზე. ბევრი რამ, რაც ჩვენთან ხდება, დამოკიდებულია გარეფაქტორებზე, პირველ რიგში, უკრაინის ომზე. იქ ვითარება როგორ განვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება გეოპოლიტიკური გარემო, ევროკავშირი და აშშ. ბევრი გარე ფაქტორი იმოქმედებს ამაზე, როგორ დალაგდება ან ოპოზიცია როგორც იქნა თუ რამეს გააკეთებს, როგორი იქნება საზოგადოება ქვეყნის შიგნით, რამდენად გაუძლებს ამ სტრესულ ვითარებას. არ დაიღლება და მოახერხებს კონსოლიდაციას. ეს ფაქტორები იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია ის პოტენციალი, სერიოზული შიდაპოლიტიკური ზეწოლის პირობებში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიულ ჩარჩოზე იქნება მიმართული, თუმცა ვიცით, რომ შიგნით არის წინააღმდეგობები, არიან მოსამართლეები, რომლებიც წინააღმდეგობას გამოხატავენ, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან სამწუხაროდ“, - განაცხადა ტუღუშმა.