თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ფოტოს „ტვ პირველი" ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა სასჯელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე იხდიდნენ.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.