UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - ადამიანებს სურთ ჰყავდეთ შვილები, თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ სასურველი ზომის ოჯახის ყოლისთვის საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა დღეს და ფინანსური უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში

ადამიანებს სურთ ჰყავდეთ შვილები. ადამიანები ამას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბედნიერებას, თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ იმისთვის, რომ მათ შეძლონ სასურველი ზომის ოჯახის ყოლა, საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა დღეს და ფინანსური უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, შესამჩნევია, მათ შორის, საქართველოში, რომ სასურველი ბავშვების რაოდენობა 2-ს აღემატება, თუმცა რეალური შობადობა 2-ს ქვემოთ არის - მთავარი კითხვებია, რა არის ამ სხვაობის გამომწვევი მიზეზი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ?! - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორმა აზერბაიჯანსა და საქართველოში მარიამ ხანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მოცემულ მომენტში შობადობა ჩანაცვლების დონეზე დაბალია, ახალგაზრდები და მათ შორის რეპროდუქციული ასაკის ქალები კი ქვეყანას ტოვებენ.

„შობადობის ასპექტების გააზრებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმის აღიარება, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც წყვილი დამოუკიდებლად და თავისუფლად იღებს, იმის მიხედვით, რა სურთ მომავლისთვის. როდესაც ამას უფრო ფართო პერსპექტივიდან ვუყურებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს პოზიცია და მიზეზები თუ რატომ ირჩევს წყვილი ოჯახის კონკრეტულ ზომას. გაეროს მოსახლეობის ფონდმა ახლახან ჩაატარა დემოგრაფიული მომავლის კვლევა. ჩვენ შევისწავლეთ და გამოვკითხეთ, დაახლოებით, 100 ათასი ახალგაზრდა 73 ქვეყანაში მათ შორის, საქართველოში, იმის გასაგებად თუ რა პერსპექტივებია და რა არის ადამიანთა განზრახვა თავის ოჯახებთან და მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს სურთ ჰყავდეთ შვილები. ადამიანები ამას განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბედნიერებას. თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ იმისთვის, რომ მათ შეძლონ სასურველი ზომის ოჯახის ყოლა, საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობა დღეს და ასევე, ფინანსური უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. როდესაც ისინი ყველა ამ ფაქტორს უყურებენ, აცნობიერებენ, რომ რთულია ოჯახის უზრუნველყოფა იმ ხარისხითა და სტანდარტებით, რომლებიც მათ თავისი შვილებისთვის სურთ. შესაბამისად, შესამჩნევია, მათ შორის, საქართველოში, რომ მაშინ როდესაც ოჯახის სასურველი ზომა, ანუ სასურველი ბავშვების რაოდენობა 2-ს აღემატება - ეს მონაცემი დაახლოებით 2,6-ია, რეალური შობადობა 2-ს ქვემოთ არის, დაახლოებით 1,5-ია. აქ მთავარი კითხვებია, რა არის ამ სხვაობის გამომწვევი მიზეზი?! როგორ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის პერსპექტივიდან, სოციალური პოლიტიკის პერსპექტივიდან, მშობიარობის პოლიტიკის პერსპექტივიდან, ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკის პერსპექტივიდან, განათლების პოლიტიკის, თანასწორობის პოლიტიკის პერსპექტივიდან, რომელიც მხარს უჭერს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ წყვილებს განახორციელონ მათი ამბიცია, ჰყავდეთ სასურველი რაოდენობის შვილები?!“- განაცხადა მარიამ ხანმა.

ამასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორმა საქართველოში განმარტა, რომ აბსოლუტურად ნორმალური ტენდენციაა, რომ მეტი ურბანიზაციის, განათლების, კეთილდღეობის პირობებში ოჯახის ზომა იცვლება, ანუ ხშირ შემთხვევაში ის მცირდება.

„როდესაც ტენდენცია იცვლება და ქვეყანა ხდება მეტად ურბანული, დაინახავთ, რომ ოჯახის ზომა შეიცვლება. ჩვენ ვიცით, რომ სახლები სოფლის ტიპის დასახლებაში უფრო დიდია, ვიდრე სახლები ურბანულ დასახლებაში, ვიცით, რომ საცხოვრებლის და განათლების ღირებულება განსხვავებულია სოფლის ტიპისა და ურბანულ დასახლებებში. ვიცით, რომ, რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი უმაღლეს განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც უფრო გვიან იძენს. ეს ნორმალური ტენდენციაა, როდესაც საზოგადოება კეთილდღეობას აღწევს, ხდება მეტად განათლებული, ურბანული და განვითარებული. ამაში გასაოცარი არაფერია. საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ უკეთ გავიგოთ და პროგნოზირება მოვახდინოთ მომავალში როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილური. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა.

სწორედ ამიტომ ვუბრუნდები დემოგრაფიული მომავლის კვლევას, სადაც ჩვენ ვკითხეთ ახალგაზრდებს, რა დაეხმარებოდათ მათ? აქ დავასახელებ 4 თუ 5 ძირითად რაღაცას, რაც ახალგაზრდებმა მსოფლიო მასშტაბით ჩამოთვალეს და არც ქართველი ახალგაზრდების პოზიციაა განსხვავებული - ეს არის ფინანსური სტაბილურობა დღეს და ფინანსური უსაფრთხოება ხვალ; საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა; ბავშვისთვის დაბალანსებული და ყოვლისმომცველი ზრუნვის შესაძლებლობები, სხვაგვარად 0-დან 3 წლამდე ვინ მოუვლის მათ; განათლების სისტემის პოლიტიკა, ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება; მოქნილი სამუშაო შესაძლებლობები. აქვე გამოიკვეთა იმედის განზომილება მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის კუთხით“, - განაცხადა მარიამ ხანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები