პაატა ბურჭულაძე - ოპო-პოლიტიკოსებს, რომლებიც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ დაუსრულებელი ლაპარაკის გარდა, უკეთესი გეგმა შემოგვთავაზონ - 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“, არჩევნების ჩატარება კი პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ

ბევრ არაკეთილმოსურნეს, უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა, კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია - მართალია, ოცნება ჯიუტად არ იმჩნევს დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს,- ამის შესახებ მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, "საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ ოცნების „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ".

"4 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება, რაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოქალაქეებმა ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელსაც არა მარტო ყველა ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან, არამედ თითქმის ყველა სოფლიდანაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები. ასევე, კრებაზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსული დელეგატები აფხაზეთიდან (გალის რაიონი), სამაჩაბლოდან და ემიგრაციიდან.

ერთ-ერთ პროცესზე ჩემმა ადვოკატმა ილიას სიტყვები მოიყვანა არგუმენტად ღვინის დაწურვაზე. ახალდაწურული ღვინო თავიდან დუღს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სიტკბო, სიმწარე და ნალექიც. მერე დრო გადის, ღვინო იწმინდება და თავის ნამდვილ ფერს იძენს. სწორედ ამ გზას გადის საქართველოს ეროვნული კრება და რაც დრო გადის, უფრო ფასდება მისი მნიშვნელობა. ბევრ არაკეთილმოსურნეს, ამა თუ იმ მიზეზების გამო, უნდოდა და ახლაც უნდა მისი დაკნინება, მაგრამ არ გამოუვიდა; კრება შედგა! მან ერთხმად მიიღო დეკლარაცია და ეს ფაქტია. მართალია, ოცნება ჯიუტად არ იმჩნევს დეკლარაციას, რომელსაც ერთხმად ასობით ათასმა მოქალაქემ უყარა კენჭი და აგრძელებს ბოროტად „მთავრობანას“ თამაშს, მაგრამ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ის უკვე დიდხანს ვერ გასტანს.

ვიღებ წერილებს, მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მწერენ, რომ მათ შეიცვალეს აზრი და ახლა ხედავენ, დადებითად აფასებენ კრების გადაწყვეტილებას და დარწმუნებული არიან, რომ რაც დრო გავა, ის უფრო დაფასდება და ის უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ "ოცნების" „გადარჩევნები“; ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.

ჩემო თანამებრძოლებო! ჩვენ ეს შევძელით: "ოცნების" „არჩევნების“ დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ! თვითმარქვიების დრო სამუდამოდ უნდა მორჩეს საქართველოში. სანამ ერთად ვართ ჩვენ, ვერც შიდა და ვერც გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს! გამარჯვება გარდაუვალია! გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან, ევროპულ საქართველოს, ბრძოლა ბოლომდე!",- წერს პაატა ბურჭულაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები