დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს გაუძნელდებათ სესხის აღება, ვინაიდან მათი შემოსავლიდან სესხის დასაფარად მისამართი თანხების ოდენობა პროცენტულად მცირდება - ეს, ეროვნული ბანკის მხრიდან უნდა გავიგოთ ასე რომ, ხალხი ბრიყვია, მას არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ არ აიღოს ისეთი სესხი, რომლის დაფარვაც მას არ შეუძლია და ეროვნული ბანკი არის ჭკუის დამრიგებელი და ამავდროულად, ამკრძალავიც, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის წესი გამკაცრებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აღნიშნული რეგულაცია პირვანდელ ზღვარზე უნდა დაეტოვებინა, რა დროსაც სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, რადგან, გოცირიძის განმარტებით, ეს არის ის ზღვარი, სადამდეც ეროვნული ბანკი ოჯახის ფინანსურ დაგეგმარებაში უნდა ერეოდეს.
„ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, მცირე შემოსავლიანი ადამიანი აიღებს მცირე რაოდენობის სესხს. ეს ნორმა მოქმედებდა დღემდე და ეს უფრო მძიმდება. ეს ერთი მხრივ უნდა გავიგოთ ასე, რომ ხალხი ბრიყვია, მას არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ არ აიღოს ზედმეტი სესხი, ან ისეთი სესხი, რომლის დაფარვაც მას არ შეუძლია და ეროვნული ბანკი არის ჭკუის დამრიგებელი, მაგრამ არა მხოლოდ ჭკუის დამრიგებელი, არამედ ამკრძალავი. ის ეუბნება, რომ შენ არ გაქვს იმდენი გონებრივი შესაძლებლობა, რომ საკუთარი რისკები დათვალო და ჰუმანურობის პრინციპებით ვმოქმედებ, ვინაიდან ამდენ სესხს რომ აიღებ და ნახევარს სესხის დაფარვაში გადაიხდი, შენი ხელფასისას, მეორე ნახევარი არ ეყოფა შენს შვილებს და შენს ოჯახს. დაახლოებით ასეთი ფინანსურ-ჰუმანური ახსნა აქვს. ეს თავისუფალი არჩევანის და რისკების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას უკარგავს ადამიანს.
მეორე მხრივ თუ მივუდგებით იმ კუთხით, რომ ბევრი ადამიანი არა თუ ვერ ზომავს თავისი საკრედიტო რისკის წონას, არამედ კომპიუტერში დახატულ ადამიანს, ჰენრი ჯონსი რომ ჰქვია, იმასაც კი ენდობა, ფინანსურ პირამიდას, რომელიც ახლა გაკოტრდა და ბევრს ეს ჰენრი ჯონსი ჰგონია ნამდვილი ადამიანი და ეუბნებიან, ჭკუით გატენილო ბატონო ჰენრი, როდის ჩამოხვალ საქართველოში ხაჭაპურსა და თხილის კრეფაზე უნდა დაგპატიჟოთო. შედეგად, ათეულობით მილიონობით ფული დაკარგა ჩვენმა მოქალაქეებმა. ასე რომ, სადავო საკითხია, რა ზომის რეგულაციებს უნდა მიმართავდეს ზოგადად სახელმწიფო და ეს არ ეხება მხოლოდ კრედიტების საკითხს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, მას გაუმართლებლად მიიჩნია ცვლილებების საჭიროების გაზრდილი ხელფასებით გამართლება, რადგან მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ის გამორჩა, რომ შემოსავლების ზრდასთან ერთად ფასები, სულ მცირე, გაორმაგდა.
„ეროვნული ბანკის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ხელფასების რაოდენობამ მოიმატა და ამ შემთხვევაში ოჯახებისთვის ამ კოეფიციენტის ამ ზომით შეზღუდვა იმდენად მძიმე არ იქნება, მაგრამ ხელფასებმა რომ მოიმატა, ეროვნულ ბანკს ავიწყდება, რომ ასევე მოიმატა ფასებმა. შემოსავლების მატება არ ნიშნავს კეთილდღეობის მატებას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ოფიციალური სტატისტიკით ფასები გაორმაგდა, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა რომ იტყუება, ეს ძალიან კარგად ვიცით, ვინაიდან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება სტატისტიკის თითქმის ყველა მაჩვენებელი, მათ შორის, მოსახლეობის აღწერაც კი. მაგალითად, ძალიან ხელოვნურად არის შემცირებული უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გულის წყრომა არ გამოიწვიოს. ამიტომ, გაზრდილი შემოსავლების არგუმენტად მოყვანა არ არის სწორი. მე ვფიქრობ, რომ თავდაპირველი ნორმა რაც იყო, მისი დატოვება იქნებოდა უკეთესი. 1500- ლარიან შემოსავალზე 25%-იანი კოეფიციენტი არის დღეისათვის იმ ზომის რეგულირება, რომელზე მეტადაც ეროვნული ბანკი არ უნდა ერეოდეს ადამიანის პირად გადაწყვეტილებებში, გაზრდილი შემოსავლის არგუმენტის პირობებშიც კი.
ბანკებზე ეს აისახება იმ კუთხით, რომ კლიენტურა შეუმცირდება, მაგრამ ბანკებთან დაკავშირებით ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან ბანკებს შემოსავლების სხვა რესურსები აქვს და ამ რაოდენობის სესხებზე მაინც და მაინც დიდად არ არიან დამოკიდებულები. უფრო მეტად ადამიანებს ეზღუდებათ თუნდაც კრიტიკულ სიტუაციაში ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ან განათლებისთვის იმ რაოდენობის სესხის აღება, რომელიც ამ საჭიროებიდან გამომდინარე უღირს, რომ გარისკოს. ზედმეტად ჩარევა ადამიანის მოქმედებაში არ არის საჭირო. საჭიროა განათლება და ეს არ უნდა მოხდეს ერთი განცხადებით. ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკი იქნება, მთავრობა იქნება, არასამთავრობო იქნება თუ პოლიტიკური პარტიები, მათი მხრიდან საზოგადოების პერმანენტული გათვითცნობიერება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.
კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე.
ეროვნული ბანკი ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის და ამბობს, რომ არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს.