ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს: დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.“
„დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა.
ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა.
ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ.
4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა.
მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება.
ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!).
მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით.
4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90-იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება.
მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან "სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად, პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე პოზირებდნენ.
ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს.
ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.
არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.
ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.
დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს:
დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა,
უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე,
გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები“, - წერს პაპუაშვილი.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობა "რუსთაველის გამზირმა" დაგეგმა საპროტესტო აქცია - "სახალხო კრება". მოქალაქეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან მიმართა შეკრებილებს: „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი“, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. რამდენიმე ადამიანმა ათონელის სასახლის ეზოს ჯებირიც გაარღვია. საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები: "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა".
დააკავეს პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ასევე, დააკავეს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათეულობით აქტივისტი.