უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმების დროს რუსეთის სამხედროები ტაქტიკას ცვლიან, კერძოდ, აფართოებენ დრონების თავდასხმების გეოგრაფიულ არეალს იმისთვის, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემები სხვადასხვა მიმართულებით გაფანტონ, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა.
„მოწინააღმდეგე დარტყმების გეოგრაფიულ არეალს აფართოებს, რაც საჰაერო ძალების სარდლობას აიძულებს, ამ გამოწვევებზე რეაგირება მოახდინოს და საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით გაანაწილოს. მტერი ასეთ ტაქტიკასაც იყენებს - ბოლო დროს დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც დარტყმები ძირითადად დედაქალაქზე ხორციელდებოდა, ახლა სხვადასხვა რეგიონი ზარალდება“, - აღნიშნა იგნატმა.
მისი თქმით, რუსებს გარკვეული ცვლილებები შეაქვთ არა მხოლოდ გამოყენების ტაქტიკაში, არამედ თავად საშუალებებშიც.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით რეაქტიული „შაჰედების“ გამოყენებას ვაკვირდებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი „შაჰედები“ წარსულს ჩაბარდა”, - აღნიშნა იგნატმა.
მისი თქმით, გუშინ მოწინააღმდეგის რეაქტიული დრონების დარტყმის მხოლოდ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მათ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიეს, დრონების 100%-ის ჩამოგდება კი შეუძლებელია. იგნატის განმარტებით, დრონების მოსაგერიებლად სახმელეთო საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენებაა საჭირო, თუმცა პრიორიტეტი ავიაციას ენიჭება, რომელმაც ძალიან სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს. საუბარია, გამანადგურებლებზე, რომლებიც ოპერატიულად უნდა აფრინდნენ და სამიზნეები გაანადგურონ. თუმცა ეს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ავიაციისთვის ძალიან დიდ დატვირთვას იწვევს.