ელენე ხოშტარია - მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი, მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც - ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში

დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე.წ. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

როგორც ის წერს, „ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა“.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ველოდი და ძალიან მიხარია სიცხადე, რომ დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესი. ოღონდ მიხარია არა დიქტატურა, არამედ ის, რომ გამოვფხიზლდებით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და ქვეყანაში არსებულ დიქტატურას დავარქმევთ თავის სახელს. რეალურად, დიქტატურა დიდი ხანია არსებობს, პოლიტიკა დიდი ხანია შეწყვეტილია, თავისუფლება დიდი ხანია შეწყვეტილია, არჩევანის თავისუფლება დიდი ხანია წართმეულია - ამას ჰქვია დიქტატურა და არა ამ დიქტატურაზე უბრალოდ კანონის მიღებას.

ჩვენ დღეს ბრძოლისთვის სწორედ სიცხადე გვჭირდება, რომ სწორედ ყველა პლატფორმაზე საერთო სტრატეგიაზე ვიყოთ. ამის გაფორმება ჩვენ გვაძლევს იარაღს ძლიერი ბრძოლის. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!

ასევე მიხარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამოუვიდა ჩვენი, ოპოზიციური პარტიების განადგურება. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ჯერ კიდევ 2024-დან. რადგანაც განადგურება არ გამოუვიდა, ამიტომ უწევს მას აკრძალვა. ეს მეტყველებს საქართველოში პროდასავლური სპექტრის სიძლიერეზე. ამიტომ ნუღარ მოვიტყუებთ თავს. ჩვენ არ ვართ პარტიულ ბრძოლაში, ჩვენ ვართ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მოქალაქეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით, პოლიტიკოსები“, - აღნიშნავს ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში