ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დავალებას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიების აკრძალვის თაობაზე არ განვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის აკრძალვად, ან კონკრეტული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ჩამორთმევად, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მოღალატეობრივ სარჩელს, ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან დიდ საფრთხედ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება იმას, ჩაერთვება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაში, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, აღნიშნულზე პარტია ცალკე განცხადებას გააკეთებს.
„ეს სარჩელი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა წულუკიანის მოღალატეობრივი კომისიის დასკვნას, მაგრამ ყველაზე საშიშია იმიტომ, რომ ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს, რაც არის პირდაპირ რუსეთის მოთხოვნა.
პირველი: ეს ეხება 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრალებას, რაც არის პირდაპირ რუსეთის მოთხოვნა და ზუსტად ეს არის ჩადებული სარჩელში! ეს ეხება გალუზინის მოთხოვნას, რაც ასევე არის სარჩელში ჩადებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველომ ხელი მოაწეროს რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. მეორე, ამ სარჩელის შემდეგ, დამტკიცდეს, რომ საქართველოს მეგობრებთან, ევროპის კავშირთან, ყველა პარტნიორთან ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოსთვის დადგინდეს, როგორც ანტიკონსტიტუციური. ეს არის პირდაპირი ღალატი!
მე ამ დოკუმენტს, ამ სარჩელს არ დავარქმევდი საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ სარჩელს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს სარჩელი თავიდან ბოლომდე არის ზორკინის დოკუმენტი!
დიახ, აი ამ შენობაში, [მთავრობის ადმინისტრაციაში], ზუსტად კობახიძის, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები აწარმოებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას. ზორკინის დოკუმენტით სურთ, ყველა რუსული პროპაგანდა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე გაფორმდეს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლო პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.