საქართველოს სახალხო დამცველი ვეტერანის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ვეტერანთა უფლებების დაცვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
„17 ოქტომბერს საქართველო ვეტერანის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი მადლობას უხდის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სამშობლოს დაცვისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და მათ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და დამსახურებულ დაფასებას უსურვებს.
ვეტერანთა უფლებების დაცვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. აუცილებელია, ვეტერანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, სათანადო სოციალური დაცვისა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ვეტერანთა უფლებების დაცვას და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენასა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ვეტერანთა ღვაწლის სათანადო დაფასება და უფლებების დაცვა სახელმწიფოს მუდმივ პრიორიტეტად დარჩება”,- ნათქვამია განცხადებაში.