ბაკურ კვაშილავა - მხარს ვუჭერ ვახო სანაიას! პოლიტიკოსები, რომლებიც ნერგავენ ტერმინებს: „აკაცუკი“, „რადიკალი“, სხვას სთხოვენ პატივისცემით მიმართონ ოპონენტს - ის, რაც არ ითქმება სოციალურ სივრცეში, ათჯერ მეტად იქნება გადატანილი სხვაგან

მხარს ვუჭერ ვახო სანაიას. ეს ფარისევლური მიდგომა აჩვენებს „ქართული ოცნების“ ორმაგ, მატყუარა, ფლიდ სახეს! - პოლიტიკოსები, რომლებიც ნერგავენ ტერმინებს: „აკაცუკი“, „რადიკალი“, „ექსტრემისტი“ და დამამცირებელ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების მიმართ, შემდეგ სხვას სთხოვენ პატივისცემით მიმართონ ოპონენტს, - ასე გამოეხმაურა „თავისუფლების მოედნის“ გენერალური მდივანი, ბაკურ კვაშილავა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

როგორც ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, „ის, რაც არ იქნება და ითქმება სოციალურ სივრცეში, ათჯერ მეტად იქნება გადატანილი სხვაგან. ეს სხვაგან იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე ოდესმე სოციალურ ქსელში ყოფილა, მაგალითად, ქუჩაში, ერთმანეთში“.

„მე მხარს ვუჭერ ვახო სანაიას და მის გამოხატვის თავისუფლებას. ვიცი, ვახო ამას იმიტომ აკეთებს, რომ აჩვენოს რამდენად აბსურდული და სასაცილოა ის კანონი და დამოკიდებულება, რაც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია თავისუფალი სიტყვის მიმართ. ეს არის ფარისევლური მიდგომა, რომელიც აჩვენებს „ქართული ოცნების“ ორმაგ, მატყუარა, ფლიდ სახეს! პოლიტიკოსები, მათი ლიდერები, რომლებიც ნერგავენ ტერმინებს: „აკაცუკი“, „რადიკალი“, „ექსტრემისტი“ და დამამცირებელ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების მიმართ, შემდეგ სხვას სთხოვენ, პატივისცემით მიმართონ ოპონენტს.

ადამიანი, რომელმაც „აკაცუკი“ დაამკვიდრა, შექმნა კანონი და გვეუბნება, რომ ამით ვამცირებთ პოლარიზაციას და სიძულვილის ენასო, ამ ტერმინის გამოყენებას ისევ აგრძელებს. ნათელია, ეს არის პოლიტიკური იარაღი და არ ემსახურება სიკეთეს. ეს პოლიტიკური იარაღი ზედაპირულად მუშაობს! ის, რაც არ იქნება და ითქმება სოციალურ სივრცეში, ათჯერ მეტად იქნება გადატანილი სხვაგან. ეს სხვაგან იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე ოდესმე სოციალურ ქსელში ყოფილა, მაგალითად, ქუჩაში, ერთმანეთში....

როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ხალხს სჭირდება, პრობლემების გადაწყვეტა და ყველა ემზადება იმ დროსთვის, როდესაც თავის ხმას ყველას გააცნობს „ოცნებისთვის“ მოულოდნელად. ნებისმიერი არჩევნები, სადაც ქართული ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას, იქნება დიამეტრულად სხვა შედეგის მომტანი, ვიდრე ეს წინაზე იყო. ამაზე მიუთითებს სასოწარკვეთილი ნაბიჯები, როგორიც არის პარტიების გაუქმება, ვინაიდან,ეს ჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შანსი არ გააჩნია“, - აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ.

გარდა ამისა, ბაკურ კვაშილავამ, შაბათს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებიც შეაფასა.

„ერთადერთი დასკვნაა ის, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დაზიანდა კორუფციული სკანდალებით და როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მსგავსი კორუფციული საქმეების გამოძიება, გასაჯაროება და სააშკარაოზე გამოტანა დააზიანებს „ქართული ოცნების“ იმიჯს.

დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა ეძღვნებოდა შემდეგს: რა კორუფციული სქემაც არ უნდა გამოვლინდეს მომავალში, მიჩუმათებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მოხდა ისეთი ფასადური გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც იყო ორი დეპუტატის პოლიტსაბჭოში დამატება, რომელიც არავის აინტერესებს.

როგორც ჩანს, მდინარაძესთან არის დაკავშირებული ამ ადამიანების დაპატიმრება და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არც მდინარიძის დასჯა არ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კორუფციულმა სკანდალმა „ქართული ოცნების“ სახე გამოავლინა მოქალაქეების წინაშე.

ეს იყო ივანიშვილის მხრიდან გუნდის ბოლო დატუქსვა, იმის თქმა, რომ კორუფციის გამო ერთმანეთის დევნა მიუღებელია და აცალონ ერთმანეთს იმ „შავი ფულის“ კეთება, რითაც დაკავებული იყო „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვის პროცესთან დაკავშირებულ სარჩელს, ბაკურ კვაშილავას თქმით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ და სამუდამო არჩევანს აკეთებს, რომ ის გახდეს იმ კლუბის წევრი, რომელსაც დიქტატორის კლუბი ჰქვია“.

„ეს არის გზავნილი ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფოებისთვის. მათ ვეუბნებით, „ქართული ოცნების“ სახელით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც თქვენი მსგავსია, ხალხს იმორჩილებს, ხალხის ნება ფეხებზე კიდია, დაგვეხმარეთ დასავლეთის და ევროპის წინააღმდეგ. ვთვლი, პარტიების გაუქმებით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ და სამუდამო არჩევანს აკეთებს, რომ ის გახდეს იმ კლუბის წევრი, რომელთაც დიქტატორის კლუბი ჰქვია“, - აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს