„საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენი ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. ეს კავშირები მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, კვლევითი საქმიანობის გასაძლიერებლად და საგანმანათლებლო პროგრამების დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ იტალიის მილანის უნივერსიტეტის UNIMONT HUB-ის კვლევით ცენტრთან, შოტლანდიის მაღალმთიანი რეგიონებისა და კუნძულების უნივერსიტეტთან (University of the Highlands and Islands – UHI) და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (BOKU). სწორედ ამ ტიპის თანამშრომლობა ქმნის საფუძველს გამოცდილების გასაზიარებლად, ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შესასწავლად“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის (Norwegian Geotechnical Institute – NGI) წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, NGI-ის აზიის რეგიონული მენეჯერი და ტექნიკური ექსპერტი, დოქტორი რაჯინდერ ბჰასინი გაეცნო ფაკულტეტის საქმიანობასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. სტუმარმა დაათვალიერა სამთო საქმისა და გეოლოგიური მიმართულების მუზეუმები, ასევე მიწისქვეშა ნაგებობათა სასწავლო-კვლევითი ობიექტები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საინჟინრო გეოლოგიის, მიწისქვეშა მშენებლობისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ტექნიკური და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით მუშაობის გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმება და მზადყოფნაა. როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნორვეგიის გეოტექნიკურ ინსტიტუტს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და შესაბამის დარგებში ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს სამთო საქმის, გამოყენებითი გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების, საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, შრომის უსაფრთხოებისა და მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით არ შემოიფარგლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს განვითარება, რომელშიც აკადემიური ცოდნა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული პრაქტიკულ საქმიანობასთან, ინოვაციურ კვლევებთან და თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრასთან. ამ თვალსაზრისით, ნორვეგიის გეოტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლის, დოქტორ რაჯინდერ ბჰასინის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ფაკულტეტისთვის. NGI საერთაშორისო მასშტაბით საქმიანობს გეოტექნიკის, კლდოვანი ქანების მექანიკის, გრუნტების საინჟინრო თვისებების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოების მიმართულებებით.
ვფიქრობთ, NGI-სთან თანამშრომლობამ შესაძლოა შექმნას ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობისთვის, პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში პერსპექტიულად მიგვაჩნია თემატური სამეცნიერო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე კვლევითი მეთოდების განხილვა, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების მომზადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებული პრიორიტეტების, არსებული შესაძლებლობებისა და შემდგომი სამუშაო შეხვედრების საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ NGI კვლევითი ინსტიტუტია და არა უნივერსიტეტი, მისი დარგობრივი გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის. ამ თანამშრომლობის განვითარება არ გამორიცხავს სამომავლოდ ნორვეგიის უნივერსიტეტებთან გაცილებით ფართო აკადემიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც. ჩვენი მიზანია, თანამშრომლობა ეტაპობრივად განვითარდეს და კონკრეტულ შედეგებში აისახოს. პრიორიტეტებად განვიხილავთ საინჟინრო გეოლოგიისა და მიწისქვეშა მშენებლობის კუთხით ცოდნის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი თემების განსაზღვრას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.