არაფერი მოულოდნელი არ არის იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით როცა ივანიშვილის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, რომ მოქმედებს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, კრძალავს პოლიტიკურ არჩევანს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ პარტია ,,ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, „მისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა მოუვა რომელიმე პარტიას, არამედ ის თუ რისთვის აკეთებს ამას ივანიშვილის რეჟიმი”.
,,რატომ ავლენს მათი არჩევანის შეზღუდვას და ყველას მიმართ უნდობლობას, იმიტომ რომ მას უნდა, რომ გააგრძელოს საქართველოს მომავლის უსაფრთხოების და საქართველოს ყველა მოქალაქის შვილების მომავლის ხარჯზე გამდიდრება, ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ.
ამიტომ ახლა, რაც საქართველოში ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების ამბავი, ეს არის არჩევანის და უპრეცედენტო უნდობლობის ამბავი, საქართველოს მოქალაქეების მიმართ. იმ რეჟიმისა და იმ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვის, რომელიც ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეების მომავლის ხარჯზე მდიდრდებიან და უნარჩუნებენ ძალაუფლებას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმითვე, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ხედავს ყოველთვის, როცა თავისუფალი საზოგადოება გადადგამს ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
,,მე დარწმუნებული ვარ ასე იქნება ყველა ჯერზე, მაშინაც როცა გვინდა ყოველთვის მეტი თავისუფალი სამყაროსგან, ეს არ ცვლის იმას თუ რა არის ჩვენ ეროვნულ ინტერესში. ჩვენ ეროვნულ ინტერესში არის, რომ გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც არ არის ინფილტრირებული მტრების ინფრასტრუქტურით, როგორც არის რუსეთის და აიათოლების ირანი, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს”,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც შეაფასა, რომელშიც უწყება შეშფოთებას გამოთქვამდა ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, ,,ქართული ოცნებისთვის” ჩარევა და აგრესია არ არის ის ,, რასაც საქართველოს მტრები აკეთებენ”.
,,ივანიშვილის რეჟიმისთვის ჩარევა და აგრესია არ არის ის, რასაც აკეთებენ საქართველოს მტრები , რუსეთი ან აიათოლების რეჟიმი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, იქ ისინი ვერ ხედავენ საფრთხეს, იმიტომ რომ იქ ისინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან და ამ კონფიგურაციაში ხედავს ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
რასაც აკეთებს რუსეთი საქართველოს შიგნით ოკუპაციის მიღმაც კი, რა საფრთხესაც ის წარმოადგენს, რასაც აკეთებს რუსეთის მოკავშირე აიათოლების რეჟიმი ჩვენ რეგიონებში, რომელიც პირდაპირ საფრთხეა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ სად ხედავს ივანიშვილის რეჟიმი მოკავშირეებს და და სად ხედავს მტრებს, როგორ წინააღმდეგობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.