თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი არ გამოიყენა და ჩინეთი ღიად და სრულად მის გვერდით არ დადგა, უკრაინას ვერ დაამარცხებენ! – უკრაინის გვერდით დგას ევროკავშირი, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და ბევრი სხვა დემოკრატიული სახელმწიფო! აშშ-ში “რესპუბლიკელების“ დიდი ნაწილიც უკრაინელების გვერდითაა, ამიტომ სიტუაცია ცალსახა არ არის და აშშ-ს მხარდაჭერაც აუცილებლად დაბრუნდება! - ამის თაობაზე ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
გოგოლაშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მისვლის პირველივე დღიდან რუსეთის მხარეს იყო გადახრილი, რის მანიფესტაციასაც, გარემოებებიდან გამომდინარე, ხან ახდენდა, ხან კი - არა. გოგოლაშვილის თქმით, აშშ-ში მოახლოებული შუალედური არჩევნების ფონზე, შეიქმნა გარემოება, როცა ტრამპი ამის მანიფესტაციას ახდენს.
“დონალდ ტრამპი ყოველთვის ასეთი იყო. რუსეთის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები მას თავიდანვე ჰქონდა ან რაღაცით დავალებულია რუსეთისგან. ჩანდა, რომ რაღაც კავშირი არსებობდა. მოახლოვდა არჩევნები და ტრამპს აქვს საკმაოდ დაძაბული პერიოდი. აქ არის ნერვების საკითხიც. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ტრამპი რაღაც მორალური შემაკავებლებით არ გამოირჩევა, რომ არჩევნებში გამარჯვების საკითხი უფრო დაბლა დააყენოს, ვიდრე ისეთი ზოგადსაკაცობრიო სიკეთე, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის გამარჯვება ან რუსეთის, გნებავთ, ავტორიტარული სამყაროს შეკავება. მისთვის ეს იმდენად პრიორიტეტული არ არის. პრიორიტეტია, რომ არ დაკარგოს არჩევნებში ის ხმები, რომელიც მას სჭირდება.
ყველა აღნიშნავს, რომ აშშ-ში ბევრად მეტია უკრაინის მხარდამჭერი, ვიდრე - რუსეთის. სხვადასხვა გათვლებით, უკრაინის გულშემატკივარი 50%-ზე მეტია. ზოგი 70%-ც ასახელებს, თუმცა ტრამპს თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს და აქცენტს თავის სტაბილურ ამომრჩეველსა და მის მოთხოვნებზე აკეთებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრამპმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რაც არჩევნებში დამარცხების ფასად დაუჯდება - ეს არის ირანზე არაპროვოცირებული თავდასხმა, როცა ირანს “კაზუს ბელი“ არ შეუქმნია, რომ მასთან ომი დაეწყო.
აშშ-ში არის ამომრჩეველი საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია, ემპათიით არავის მიმართ არ გამოირჩევა და აქვს წმინდა ეკონომიკური ინტერესებით, როგორიცაა შემოსავლები, ფასები. რა თქმა უნდა, ირანის მიმართ გადადგმულმა გაუწონასწორებელმა და გაუთვლელმა ნაბიჯმა მათზე იმოქმედა. ტრამპს ახლა ამის კომპენსირება უნდა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს და ევროკავშირი რუსეთის უფრო მეტ პოლიტიკურ იზოლაციას ეცდება.
“გარდა ამისა, უკრაინის გვერდით დგას კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და ბევრი სხვა დემოკრატიული სახელმწიფო. ტრამპის გარდა, დემოკრატიული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. აშშ-ში “რესპუბლიკელების“ დიდი ნაწილიც უკრაინელების გვერდით დგას. ამიტომ სიტუაცია ცალსახა არ არის. ამას ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გრძნობს. რა თქმა უნდა, მათ სჭირდება მეტი ძალისხმევა, მეტი მსხვერპლის გაღება - აქამდე იომეს და არ უნდათ, რომ ფარ-ხმალი დაყარონ. ისინი კარგად გრძნობენ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. აუცილებლად დაბრუნდება აშშ-ს მხარდაჭერაც! შეივსება კონგრესი და იმედი მაქვს, რომ სენატშიც უმრავლესობა “დემოკრატები“ იქნებიან. “რესპუბლიკური პარტია“ საგარეო ურთიერთობებში ყოველთვის უფრო მეტად დემოკრატიისა და სამართლიანობის გავრცელების მხარდამჭერი იყო, ვიდრე იყვნენ “დემოკრატები“. ძალიან გასაკვირია, რომ ამ ეტაპზე “რესპუბლიკელებს“ ასეთი უცნაური ფრთა მართავს - ესეც, რა თქმა უნდა შეიცვლება!“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი თემა საფრანგეთის ქალაქებში გამართული მასშტაბური დემონსტრაციები და მასთან დაკავშირებული პროცესები იყო.
გოგოლაშვილის შეფასებით, საფრანგეთში მიგრანტთა ჯგუფების მხრიდან არსებობს გამოხატული მიუღებლობა იქაური კულტურული წეს-ჩვეულებების მიმართ, რაც არ იყო აშშ-ში და დონალდ ტრამპმა ეს მიგრანტების მიმართ საკუთარი სიძულვილით გააჩაღა.
გოგოლაშვილი ამბობს იმასაც, რომ საფრანგეთში არის პოლიტიკური პრობლემები, როცა მიგრაციული კრიზისი ულტრამემარჯვენეების ზრდას იწვევს.
ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი შექმნილი კრიზისიდან გამოვა.
“2015 წლიდან საფრანგეთში მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. ეს იყო მიგრაციული კრიზისი, რაც შემდგომ გაღრმავდა. ამის შემდეგ უკრაინაში ომმა და ირანში აშშ-სა და ისრაელის ერთობლივმა მოქმედებამ ევროპას ეკონომიკურად ზიანი მიაყენა. გაიზარდა ხარჯები, გაიზარდა რისკები, შემცირდა შემოსავლები. ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს სოციალურ მდგომარეობაზე, მათ შორის ისეთი სფეროების დაფინანსებაზე, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება. რა თქმა უნდა, განათლების სფეროში ალბათ პრობლემები გაჩნდა. ალბათ, ლეგიტიმური იყო პროტესტი, რაც სტუდენტებმა გამოხატეს, მაგრამ გაჩნდა ბევრი ლეგალური თუ არალეგალური მიგრანტების ჯგუფი, გაჩნდა აგრესიული და ექსტრემისტული ჯგუფები, რომელთაც ეს სიტუაცია არეულობის მოსაწყობად გამოიყენეს. რა თქმა უნდა, საფრანგეთი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ამის დემოკრატიული ხერხებით შეზღუდვას ცდილობს. პოლიცია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციულ ძალას არ იყენებს - დემონსტრანტების წინააღმდეგ შედარებით მსუბუქად შეიარაღებული გამოდიან. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთი ამ კრიზისიდან გამოვა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.