მთავარი ამოცანა არის პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა - როდესაც აგენტურა აღარ იქნება წარმოდგენილი ოპოზიციაში, უფრო მეტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდას გაუჩნდება იმის მოტივაცია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სასამართლოში თავდაცვა ძალიან გაუჭირდებათ.
„ჩვენ ვთვლით, რომ სარჩელი საკმარისად არის გამყარებული ფაქტებით, მტკიცებულებებით და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში ადევნონ ამ პროცესს თვალი და თავისი ყურით მოისმინონ, თუ რამდენად მყარია ჩვენი სარჩელი და ბრალდებები. ჩემთვის შეუძლებელია, წარმოვიდგინო, თუ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა არგუმენტი არის ფაქტითა და მტკიცებულებებით გამყარებული, შესაბამისად, მათ, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდებათ თავდაცვა, მსუბუქად რომ შევაფასოთ. ალბათ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რამდენიმე პარტიამ განაცხადა, რომ საერთოდ არ ეყოლებათ წარმოდგენილი უშუალოდ პროცესის დროს იქიდან გამომდინარე, რომ სათქმელი მათ არაფერი აქვთ," - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.