ჩვენ, ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას - ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი.
„ჰიტლერი რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო და მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, სავარაუდოდ, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა. ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი არის ის თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები. ჩვენ, ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას, არაკონსტიტუციური სულისკვეთებით. ეს უნდა შეიცვალოს. ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა.
ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებში.
ჩვენი სურვილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს. ჩვენ წარვადგინეთ სარჩელი და ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ რა არგუმენტი უნდა წარადგინონ, არ ვიცი. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ქმნიდნენ არგუმენტებს, სწორედ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ. მათ ჰქონდათ შეგნებული ის, რომ მოქმედებდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ შორის ძალადობრივ ფორმებს იყენებდნენ კონსტიტუციური წყობილების დასამხობად. დღეს მოუწევთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხის გაცემა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინამდვილეში ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას მათ შორის არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე, ყოველ ჯერზე, წლიდან წლამდე, გაუჭირდებათ რაიმეს თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში.
რაც შეეხება მათ მიერ დაანონსებულ აქციებს, აქციების გამართვა სასაცილოა, გამოვლენ 20-30 კაცით. არ არის ეს ყველაფერი საინტერესო, ქართველი ხალხისთვის საინტერესოა, რომ ჯანსაღი ფორმით გაგრძელდეს პოლიტიკური სისტემის განვითარება და ვფიქრობ, რომ ამის გარანტიას შექმნის სწორედ ის პროცესი, რომელიც იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.