ერთ-ერთი საკითხი, რატომაც უნდათ ჩვენი პარლამენტიდან გაქრობა ის არის, რომ ჩვენ მათ პროპაგანდას წინააღმდეგობას ვუწევთ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას.
ხორგუანმა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პარტიის შუამდგომლობაზეც ისაუბრა, რომელშიც დაყენებულია საკითხი, რომ “გახარია საქართველოსთვის” კონსტიტუციურობის შეფასება სასამართლომ ცალკე საქმედ განიხილოს.
ხორგუანის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციური პარტია ახალი დამატებულია სარჩელში და ფიზიკურად არ რჩება დრო, რომ პროცესებისთვის მოემზადოს.
“სამართლებრივად რომ შევხედოთ, სარჩელში სულ ერთი თვეა, რაც დაგვამატეს და სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ფიზიკურად არ გვქონდა დრო იმისთვის, რომ სარჩელის განხილვისთვის მოვმზადებულიყავით. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გადაწყვეტილება მივიღეთ. მეორე მიზეზი ის არის, რომ ჩვენ საპარლამენტო პარტია ვართ და ყველა კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობა გვაქვს მიღებული. ჩვენ მანდატებზე უარი არ გვითქვამს, რომელიც მოსყიდვის, დაშინების, უპრეცედენტო ბრძოლის პირობებში მოვიპოვეთ.
სარჩელს რომ წაიკითხავთ, ისეთი სასაცილო არგუმენტებია, გამოდის, რომ “ნაცები” მასამართლებენ მე “ნაცობისთვის”. იქ არის ვასილ როინიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს აჭარის პროკურორი იყო. როინ შავაძეც პროკურორი იყო. “ნაცები” არიან, მიშას პროკურორები იყვნენ და მათ უნდა გამასამართლონ მე. აქედან ვინ მდებს ბრალს, იცით? თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც იმ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, რომლის მეშვეობითაც პიჯაკივით მოირგო სააკაშვილმა კონსტიტუცია. მიშას კონსტიტუციონალისტმა და მიშას პროკურორმა მე უნდა გამასამართლოს, როგორც “ნაცი”, - ასე წერია სარჩელში, რომ “ნაცები” ამხობენ ქვეყანას.
თუ 20 ივნისის გამო და ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის გამო პრემიერ-მინისტრად დაწინაურებული გიორგი გახარია არის პრობლემა და ანტი-კონსტიტუციურად მოქმედი პიროვნება, მაშინ “ქართული ოცნება” უნდა გავასამართლოთ. გამოდის, რომ თავად “ქართული ოცნება” არის “დიფ სტეიტის” აგენტურა, რომელმაც [ზარის განხორციელების შემდეგ] შს მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრად დანიშნა გახარია.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი საკითხი, რატომაც უნდათ ჩვენი პარლამენტიდან გაქრობა, არის ის, რომ ჩვენ მათ პროპაგანდას წინააღმდეგობას ვუწევთ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ვთქვათ - რუსეთზე რომ ლაპარაკობდნენ და ახლა ემბარგო რომ მოდის, რუსეთის გაზზე სულ უფრო მეტად დამოკიდებულები რომ ვხდებით, სულ უფრო მეტად რომ ჩამოკიდეს ჩვენი ბაზარი რუსულ ბაზარს და ამ დროს არანაირი დაცვის გარანტია არ გაქვს, გამოდის, რომ არც რუსეთი არ ელაპარაკება ამათ, არც რუსეთი არ აღიარებს მათ, როგორც ანგარიშგასაწევ ძალას.
შემდეგ ლგბტ პროპაგანდა გვბრალდებოდა ჩვენ, თითქოს ამ მიმართულებით მივდიოდით. ჩვენ ამის საწინააღმდეგო არგუმენტები მოგვყავს. ამბობენ, რომ დასავლეთს უნდა აქ არეულობა, დასავლეთი გვიკრძალავს პენსიის გაზრდას და მინიმალური ხელფასის ზღვრის აწევას? ვინ გიშლის ხელს, მარტა კოსი? ამ არგუმენტებით ჩვენ მათი პროპაგანდის მწყობრი ხაზი ძალიან შევანჯღრიეთ”, - აღნიშნა ხორგუანმა.