მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის პირად FACEBOOK-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, თუმცა მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო, რაც, მისივე თქმით, ბევრ რამეზე მეტყველებს.
„თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის.
ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანი იყო ახალი თავდაცვის კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დაარეგულირა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული და მკრეხელური, ე.წ. „გირჩის პროექტი“, რომელმაც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეაცდინა და საშუალება მისცა, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის...
ჩვენ შევზღუდეთ და გავაუქმეთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც, დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება.
შემუშავდა კონკრეტული მოდულები. ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შედეგად, ქვეყანას ეყოლება ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადებული, ჯანსაღი პატრიოტები - რეზერვისტები. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი კი იყო და არის სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.
ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვის ინტერესები.
ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:
„ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.