ბორის ჩელე ყურუა - ადამიანები გაფრინდნენ მთვარისკენ, მანქანები დაფრინავს და ჩვენთან მოსამართლე ამბობს, უნდა წავიდე, რადგან ისეთი რაღაცას მავალებენ, მოსამართლე კი არა, იურისტიც ვეღარ ვიქნებიო, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხდება ნოტარიუსი

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ მიიღება სასამართლოს შენობაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ჩელე ყურუამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

ყურუამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზეც ისაუბრა, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა. ყურუას თქმით, როგორც ჩანს, აღარ არის სასამართლოში იმის სივრცე, რომ მას თუნდაც განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა გადაწყვეტილების მიღებისას და ამიტომ თანამდებობიდან წასვლა არჩია.

“2026 წელი იწურება, ადამიანები მეორედ გაფრინდნენ მთვარისკენ, ჰუმანოიდი რობოტები შექმნეს, რომლებიც რთულ დავალებებს ასრულებენ, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს თითქმის ყოველი მეორე ადამიანი, ამერიკაში მანქანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დაფრინავს და ამ დროს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, ახლა მე უნდა წავიდე სასამართლოდან იმიტომ, რომ ისეთი რაღაცის გაკეთებას მავალებენ, მოსამართლე კი არა, იურისტიც ვეღარ ვიქნები ამის მერეო. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რაც ყველაზე სამწუხაროა, კიდევ იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლო ხდება პოლიტიკური მოქმედების ინსტრუმენტი და ხდება ნოტარიუსი, რომელიც უბრალოდ თავს დაუქნევს სახელისუფლებო პარტიას.

ეს ყველაფერი ზოგადად დემოკრატიისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის არის ცუდი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ მაშინ არ არსებობს, როდესაც პარტიების აკრძალვაზე მიდის საქმე. ის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი და საკუთარი უფლებები დაიცვან. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს. ძალიან მალე კი მივიღებთ იმას, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, როგორც დღეს სახალხო დამცველია, ისე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოც.

პოლიტიკურ მოცემულობასაც რომ თავი დავანებოთ, “ქართული ოცნება” რასაც აკეთებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, არის ის, რომ ანადგურებს მნიშვნელოვან ბერკეტს იმისთვის, რომ ადამიანებმა დაიცვან საკუთარი უფლებები.

მანანა კობახიძეს შეეძლო, განსხვავებული აზრი დაეწერა, ხელი არ მოეწერა გადაწყვეტილებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის სივრცეც კი არ არის დატოვებული. პირდაპირ ვხედავთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან ამ ნაწილში.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ მიიღება სასამართლოს შენობაში. ჩემი ღრმა რწმენით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”, - აღნიშნა ყურუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა