მრავალჯერ მომიწია სარჩელის გაცნობა და ყოველ ჯერზე ხელახლა ვოცდებოდი, როგორ შეიძლება ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი შეიტანო საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი სერიოზული მოთხოვნისთვის, - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, პარტიის გაუქმება იმდენად მძიმე გადაწყვეტილებაა, რომ სარჩელი „ძალიან დასაბუთებული“ უნდა იყოს.
„იურისტებმა როგორ შეიძლება ასეთი დაუსაბუთებელი დოკუმენტი წარადგინონ სასამართლოში. პოლიტიკური პარტიის გაუქმება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება დემოკრატიაში. გასაგებია, რომ საქართველო არ არის დემოკრატია, მაგრამ სასამართლო აჯერებს თავის თავს, ხოლო „ქართული ოცნება“ ჩვენ გვაჯერებს, რომ დემოკრატიულია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პარტიის უკან ამომრჩეველი დგას, შენ მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს ეუბნები, რომ შენ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ გაქვს, შენი შეხედულებები, პოლიტიკური მსოფლმხედველობა შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან და ამიტომ პარტია, რომელიც თქვენ წარმოგადგენთ, უნდა გავაუქმოთ. ამიტომ სარჩელი უნდა იყოს ძალიან დასაბუთებული, ეს პარტია საფრთხეს უნდა უქმნიდეს დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს, ოღონდ ეს საფრთხე უნდა იყოს მიმდინარე და არა წარსულში მომხდარი, ეს საფრთხე უნდა იყოს რეალური და პოტენციურად მაღალი ალბათობის.
როდესაც ლაპარაკია არ აღიარებაზე და ამ მიზნით პარტიის გაუქმებაზე, აქ ლაპარაკი არ არის არჩევნების არ აღიარებაზე, ხელისუფლების, კონკრეტული მთავრობის ან ინსტიტუტის არ აღიარებაზე, მეტიც, აქ ლაპარაკი კონსტიტუციის აღიარებაზეც კი არ არის, აქ ლაპარაკია, რომ პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მე შემიძლია არ ვაღიარებდე კონკრეტულ აჩვენებს და მიმაჩნდეს გაყალბებულად, შემიძლია არ ვაღიარებდე მთავრობას და მიაჩნდეს უზურპატორად, არ ვაღიარებდე სასამართლოს, არ ვაღიარებდე კონკრეტულ კონსტიტუციას და მაგალითად ვაღიარებდე 1921 წლის კონსტიტუციას. მე ამის უფლება მაქვს და ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამაუქმებს როგორც პარტიას დემოკრატიულ სახელმწიფოში.
„ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არღვევდა ადამიანის უფლებებს და არღვევდა სისტემურად, როცა იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ეს დღეს არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.