ნიკა გვარამია - ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა - გვჭირდება ინდივიდუალიზაცია, კოლექტიური მოჩვენება რომ დადის და თურმე საქართველოს ანადგურებს 30 წელია, ამაზე პასუხს ვერ გავცემთ - მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”

მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”. მათთვის ძალიან კომფორტულ სასამართლოს მეშვეობითაც კი ასეთი მარტივი არ იქნება საქართველოში დემოკრატიის საბოლოოდ დამარხვა და ევროპერსპექტივიდან ჩვენი სამუდამოდ გაწევა იმიტომ, რომ ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ძალიან ბევრი შეუქცევადი შედეგი შეიძლება დადგეს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.

გვარამიას თქმით, პარლამენტმა შეიძლება საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვიანებით გააუქმოს, მაგრამ თუ ის მანამდე სასამართლომ გაიზიარა, გამოდის, რომ მას სამართლებრივ დატვირთვას აძლევს, ეს კი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

“არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ განმარტება რაც გაკეთდა, პრაქტიკულად, ალტერნატიულ შუამდგომლობაზე დადებითი პასუხია. ანუ ის, თუ მტკიცებულებების, მოწმეების და ა.შ. გამოკვლევა მაინც მოხდება და სასამართლო არ მიიჩნევს დასკვნით მოტანილ აბდაუბდას [ყველაფერია ეს დასკვნა იურიდიული დოკუმენტის გარდა], თუ ეს გამოკვლევა იქნება და ყველაფერი წავა მოწმეების მიმართულებითაც და დაკითხვების მიმართულებითაც, კი ბატონო, იყოს დასკვნა და კიდევ უფრო უარესი მოუვა ამ დასკვნას, ვიდრე მტკიცებულებებიდან ამორიცხვა იყო.

ეს ნახევრად ხუმრობით, სინამდვილეში, ამ დასკვნის გარდა, ამ სარჩელში არაფერი არ არის, მხოლოდ ეს მტკიცებულებაა და დანარჩენი მოტანილია ისე, თითქოს რაკიღა დასკვნაში წერია, ესე იგი, ეს ასეა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, ეს იყო ჩვენი ინტერესის საგანი. პრინციპში, ჩვენ მივიღეთ განმარტება, რომ ცალკეული საკითხები ინტერესის შესაბამისად იქნება გამოკვლეული. მთავარი ის არის, რაზედაც ჩვენც ვილაპარაკეთ და “ლელომაც” და სხვა პარტიებმაც ილაპარაკეს - ჩვენ გვჭირდება ინდივიდუალიზაცია, რა მოგვემართება ჩვენ, რაზე გვაქვს პასუხი გასაცემი, რაღაცა კოლექტიური მოჩვენება რომ დადის და თურმე საქართველოს ანადგურებს ბოლო 30 წელია, ჩვენ ამაზე პასუხს ვერ გავცემთ. ჩვენ არ ვიცით, ვის რა ეჩვენება, რა ნაწილში გვგულისხმობს ჩვენ და რა ნაწილში სხვას. ამასთან დაკავშირებითაც გაკეთდა განმარტება.

მძიმე დღეები ელოდება “ქართულ ოცნებას”. მათთვის ძალიან კომფორტულ სასამართლოს მეშვეობითაც კი ასეთი მარტივი არ იქნება საქართველოში დემოკრატიის საბოლოოდ დამარხვა და ევროპერსპექტივიდან ჩვენი სამუდამოდ გაწევა იმიტომ, რომ ეს სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ძალიან ბევრი შეუქცევადი შედეგი შეიძლება დადგეს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში იმიტომ, რომ ყველაზე უფრო საშიშ და საფრთხილო ჩანაწერებს შეიცავს ამ თვალსაზრისით და დღეს ეს არის დასკვნის, მისი ავტორებისა და “ქართული ოცნების” ბოდვა, არცთუ ისე უსაფრთხო, მაგრამ მაინც რაღაც თხზულებაში, პარლამენტში, რომელსაც შემდეგ კი გააუქმებს, მაგრამ სასამართლოს მიერ ნათქვამი და სასამართლომ თუ ეს გაიზიარა, გამოდის, რომ ამას აძლევს სამართლებრივ დატვირთვასაც. სასამართლოს მიერ ნათქვამი სულ სხვა წონის იქნება და სხვანაირი შეფასების უნარიანობა ექნება. ეს აბსოლუტურად ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, დროებითი ოკუპაცია შეიძლება სამუდამო ოკუპაციად გადაიქცეს და ა.შ. ამის დაშვება არ შეიძლება. შეიძლება მოსამართლეებმა გადაწყვიტონ, რომ თავი მოიჭრან, მაგრამ ჩვენ ნებისმიერი გზა უნდა ვეძებოთ იმისთვის, რომ ეს არ გავაკეთებინოთ”, - განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა