პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელი რეპრესიული მექანიზმების გაგრძელებაა - ეს არ არის განყენებულად დარტყმა ოპოზიციისთვის, ეს არის დარტყმა დემოკრატიაზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ონიანმა „პალიტრანიუსი“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სარჩელის მიზანი, ასევე, არის მმართველი ძალის ძალაუფლებაში ყოფნის დაცვის საქმის გაგრძელება.
„ეს გაგრძელებაა იმ რეპრესიული მექანიზმების, რომელსაც ვხედავთ 2024 წლის ნოემბრიდან დღემდე. რეპრესიების მთავარი სამიზნეა თავისუფალი აზრი. თავისუფალი აზრის ქვეშ მოიაზრებიან ინსტიტუციური ჯგუფები: მედია, უფლებადაცვითი ორგანიზაციები, აკადემია, პოლიტიკოსები. ეს არ არის განყენებულად დარტყმა ოპოზიციისთვის, როგორც „რუსული კანონი“ არ იყო განყენებულად დარტყმა სამოქალაქო სექტორზე, ეს არის დარტყმა დემოკრატიაზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
დღეს საქართველოში გვაქვს ადამიანის უფლებათა მწვავე კრიზისი, რომელიც ხასიათდება მმართველი ძალის ოპონენტების სისტემური დევნით, როგორც ინსტიტუციური დევნით, ისე მათი სისხლის სამართლის მექანიზმების ინდივიდუალური დევნით. ასეთ ვითარებაში, ამ სარჩელის მიზანი არა დემოკრატიის დაცვა, არამედ კონკრეტული მმართველი ძალის ძალაუფლებაში ყოფნის დაცვის საქმის გაგრძელება“,- აღნიშნა თამარ ონიანმა.
ამასთან, განმარტა, რომ თავისი შინაარსით პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელი პოლიტიკურია.
„საბოლოოდ, მივიღეთ რეალობა, როდესაც 5 მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრება გაუქმება. ეს უდიდესი რისკია, რომ ქართულ დემოკრატიას შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიადგეს. ამ სარჩელს არანაირი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. სარჩელის ტექნიკური ბუნებაც კი არ არის იმგვარი, რომ ვთქვათ, თითქოს იქ რაღაც ტიპის სამართლებრივ დასაბუთებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვხედავთ გარკვეული მოვლენების კომპილაციას და საბოლოოდ, გაკეთებულ დასკვნას, რომ თურმე ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები. ვერ ვხედავთ მსჯელობას, რომელი საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტით უნდა იყვნენ აკრძალულები ეს პარტიები.
სად არის ის წყარო, რომლის ავტორი 88 პირი აყრდნობს საკუთარ პოზიციას, რომ ეს პარტიები არაკონსტიტუციურები არიან? ამას მივყავართ შეფასებამდე: დემოკრატიის დაცვის სახელით ხდება მმართველი გუნდის ძალაუფლებაში ყოფნის დაცვა. შეუძლებელია ამ პროცესში ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტი. თავისი შინაარსით ეს სარჩელი არის პოლიტიკური. აქ არ ვგულისხმობ დასაბუთების ნაკლოვანებას და ასე შემდეგ“, - აღნიშნა თამარ ონიანმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ გუშინდელ სხდომას „ნიშად გასდევდა ის გამოწვევა, რაც აქვს ამ სარჩელს - დაუსაბუთებლობა“, რაც მისივე თქმით „ასევე აისახა პროცესის წარმართვაზე“.
როგორც თამარ ონიანი აღნიშნავს, მას ეჭვი არ ეპარება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემდეგ, ევროპული სასამართლო საკუთარ სიტყვას იტყვის.
„მე არ მგონია, რომელიმე მოსამართლეს, რომელსაც მანტია მოსავს, სჭირდება ვინმეს რჩევა, რომ დაიცვას კონსტიტუცია. მათ ფიცი აქვთ დადებული ამასთან დაკავშირებით და ისინი თავად არიან ანგარიშვალდებულები საკუთარი პასუხისმგებლობით. ამიტომ, ამ შემთხვევაში, იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც საბოლოოდ აკრძალავს 5 მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, ეს იქნება არამარტო დარტყმა ამ კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ეს ნიშნავს ბევრად დიდ რაიმეს: ეს ნიშნავს საქართველოს კიდევ უფრო გაუცხოებას ევროპული ღირებულებითი წესრიგისგან. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეზე ევროპული სასამართლო საკუთარ სიტყვას იტყვის. სწორედ ევროპული სასამართლო იქნება ის სასამართლო, რომელიც იტყვის, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტიების აკრძალვა მოხდება, წმინდად შეუთავსებელია არამარტო რომელიმე კონკრეტულ უფლებასთან, არამედ საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრობასთან“, - აღნიშნა თამარ ონიანმა.
ამასთან, თამარ ონიანმა დასძინა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელში არის „საინტერესო ჩანაწერი, კერძოდ, 11-12 გვერდზე წერია მთავარი ფრაზა, რომელიც აჩენს განცდას, რომ სარჩელის სამიზნეა არამარტო ეს 5 ოპოზიციური პარტია, არამედ ნებისმიერი სხვა“.
„ჩამოთვლილია რამდენიმე სხვა პარტია, რომელიც დღეს მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. სარჩელში წერია: „ვინაიდან დღეს არ გააჩნიათ საკმარისი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მათი აკრძალვის საჭიროება არ დგას და როგორც კი მოძლიერდებიან, ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა ექნებათ, ესეც დადგება“.
პირდაპირი მუქარაა ჩადებული სარჩელში, რომელიც ნებისმიერი მოსამართლისთვის უნდა იყოს ის ნაღმი, როდესაც უნდა მიხვდეს, რომ ამ სარჩელის მიზანია კონკრეტული ანგარიშსწორება პარტიებთან მიმართებით და ძალაუფლების შენარჩუნება. სამართლებრივ ენაზე ამას ჰქვია უფლების ბოროტად გამოყენება“,- აღნიშნა თამარ ონიანმა.