სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა - საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა! - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, მოსარჩელე მხარის, მმართველი პარტიის წევრს, არჩილ გორდულაძეს, რომელმაც გვარამიას სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ მისი ტერმინოლოგია არის „პირდაპირი შეურაცხყოფა“.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად სჭირდება.
„მოწმეები და მტკიცებულებები რამის დამადასტურებელი კი არ არის მხოლოდ, სამხილიც არის. მე მათი პოზიციების ნეიტრალიზაცია მინდა, მტკიცებულებები მჭირდება ჩემთვის მათ წინააღმდეგ. მათ რომ რაიმე დაადასტურონ თავისთვის ან ვერ დაადასტურონ რა ჩემი საქმეა.
მაინტერესებს, რომ პოზიციები ჩამოვიყალიბო მათთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, რასაც თხზავდნენ თვეების განმავლობაში და ამის გამო ხალხი ციხეში მოხვდა, ახლა პარტიებს აუქმებენ და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფო პოზიციებისთვის კატასტროფულ ტექსტებს წერენ, ყველა ხელმომწერია მანდ“,- განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას სიტყვაზე მცირე რეპლიკა ჰქონდა არჩილ გორდულაძეს. მისი თქმით, „ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა“, რასაც უპასუხა თავად გვარამიამ და აღნიშნა: „რა არის პირდაპირი შეურაცხყოფა? საბოტაჟი და მოღალატე გიწერიათ 37-ჯერ, შეურაცხყოფა ეგაა“.
მოსარჩელე მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ სცადა და აღნიშნა, რომ „შეფასებები გასაგებია, თუმცა [ნიკა გვარამიას განცხადება] „სახელმწიფოსთვის კატასტროფული რაღაცა წერია“, ვერ იქნება მისაღები მხარისთვის“.
მოსამართლის განცხადების საპასუხოდ კი ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ჩანაწერის შეფასება სურდა.
„მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, ჩანაწერს ვაფასებ პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად და სამართლებრივად. სიტყვა „კატასტროფა“ თუ ვინმეს შეურაცხყოფა ჰგონია, ესწავლა კარგად სკოლაში, არაა ჩემი პრობლემა“,- განაცხადა გვარამიამ.