ეკა ბესელია - ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძემდე ღარიბაშვილის ნათქვამით მივიდნენ, ამას ანგარიშსწორების პროცესი ჰქვია - რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეს ღარიბაშვილს წერილი? - არაფერია გამორიცხული, ქვეყანაში არანორმალური ვითარებაა, კონსტიტუცია არ მოქმედებს

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის „საქმე და კითხვები, რაც ჩნდება, უკავშირდება ღარიბაშვილს“, რადგან დიტო ჩუბინიძემდე გამოძიება სწორედ ყოფილი პრემიერის წერილის შედეგად მივიდა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს გამოძიებამ უნდა დაუმტკიცოს არა ის, რომ სტატია ცრუ იყო ან ფაქტები არ დასტურდება, არამედ უნდა დაუმტკიცონ, რომ სტატია მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას.

„ამ საქმემ იცით რა გამახსენა? გახსოვთ, გახმაურებული საქმე,მე ვიცავდი ფოტოკორესპონდენტებს, ჟურნალისტებს - გიორგი აბდალაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ჟურნალისტებს, გედენიძეს და სხვებს 2010-2011 წლებში. ისინი დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით და მახსოვს, ამ საქმეზე რა სიმძიმეები გავიარე და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ეს პირები გამართლებული. მაშინ ეს პირები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნახეთ პარალელი, როგორ მეორდება ისტორიები. დავუშვათ, მის სტატიაში არის სიცრუე, უამრავი სტატია დაწერილა, რომელიც შეიცავს ცრუ ინფორმაციებს, იმდენი შეთხზული ისტორია წამიკითხავს.

დიტო ჩუბინიძეს ძალიან ბევრი წელია ვიცნობ, როგორც ერთ-ერთ გამოცდილ ჟურნალისტ და სულ ბრძოლაში მახსოვს. ჟურნალისტს როდესაც ედავები, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როგორც არ უნდა ეთანხმებოდე ან გაღიზიანებდეს, ამ ბრალს რომ უყენებ, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაუმტკიცო არა ის, რომ სტატია ცრუ იყო ან ფაქტები არ დასტურდება, უნდა დაუმტკიცო, რომ სტატია მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. განზრახვა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დანაშაულის, ამის გარეშე დანაშაული არ არსებობს.

ეს საქმე და თვითონ კითხვები, რაც ჩნდება, უკავშირდება ღარიბაშვილს იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ილაპარაკა ამ თემაზე, რაღაცნაირი ბმა ხომ არის აქ? ამის შემდეგ დაიწყო უცებ გამოძიება, დაიბარეს ადამიანები, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით და მერე გვითხრეს, რომ ეს არის ტყუილი. ეს მოხდა უსწრაფესად. ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სხვა რაღაცებიც მოხდა, წერილი შეუგზავნა მდინარაძემ, მოსთხოვა ბრალის აღიარება და ეს რატომ არ გამოიძიეს? თუ გინდა,რომ მაჩენო, დიტო ჩუბინიძის საქმე არ არის მიკერძოებული პოლიტიკური დაკვეთა, მაშინ ისიც მაჩვენე. ღარიბაშვილის ნათქვამით დიტო ჩუბინიძემდე მივიდნენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, შეიძლება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ძვირად დაუჯდეს ის წერილი, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სვამდა კითხვებს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ „ახლა ისეთი არანორმალური ვითარებაა, რომ ვერაფერს გამორიცხავ“.

„სამართლებრივად ამას ჰქვია, არაკონსტიტუციური, სამართლისაგან დაცლილი ანგარიშსწორების პროცესი. ახლა ისეთი არანორმალური ვითარებაა, რომ ვერაფერს გამორიცხავ. ჰიპოთეტურად, რა კითხვაც არ უნდა დამისვათ, ყველაფერზე გიპასუხებთ, რომ არაფერი გამორიცხული არ არის იმიტომ, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია არ მოქმედებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ „სასამართლო კრიტიკას ვერ უძლებს“

ბესელიას თქმით, სხდომა მიჰყავს ადამიანს, რომელიც „არც კომპეტენტურობის და არც კეთილსინდისიერების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს“

„ყველაზე მთავარი ტესტი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ჩასაბარებელი, ეს არის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, ანუ სანდოობის ტესტი. მიუკერძოებლობა არის მთავარი განმსაზღვრელი. ნდობა თუ არ გაქვს სასამართლოს მიმართ, ასეთ მართლმსაჯულებას საერთოდ აზრი არ აქვს. მით უფრო, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სარჩელს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც შეიძლება იყოს ისტორიაში ან საუკუნეში ერთი.

რაც დღესაც არანაკლები სიმძიმით ხდება, მათ შორის ის ბრალდება, რაც მიემართება იმ პარტიებს, ასეთი ბრალდებები უკვე ამ მმართველობის პირობებშიც საკმაოდ ბევრია. მნიშვნელოვანია აჩვენო, რომ ამ მოთხოვნით გინდა არა შურისძიება, პოლიტიკური პარტიების განადგურება და ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა, არამედ სამართლიანი პროცესის წარმართვა, რაც ამ სარჩელით არ იკითხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ