დავით სიხარულიძე - რუსეთი ცდილობს, ჟენევის ფორმატი ქართველების ხელით გაანადგუროს, საქართველო საკუთარ წარმონაქმნად აქციოს, რაშიც „ოცნება“ უწყობს ხელს - დიდი რისკის მატარებელია სავაჭრო ურთიერთობებიც, მოსკოვი ამას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს

შემაშფოთებელი და საგანგაშოა ქართველების მხრიდან ჟენევის ფორმატის დაკნინების მცდელობა , - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

დავით სიხარულიძის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი არაეფექტურია იმიტომ, რომ მას ტორპედირებას რუსეთი უკეთებს.

„რუსეთი წლებია ცდილობს, ტორპედირება გაუკეთოს ჟენევის ფორმატს. რა არ მოსწონს რუსეთს ამ ფორმატში? - რუსეთს არ მოსწონს, რომ ეს არის საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება სხვა საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით. არავინ არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ ვერ მიხვდეს, რატომ არ არის ჟენევის ფორმატი ეფექტური. იმიტომ არ არის, რომ რუსეთი უკეთებს ტორპედირებას. ისინი ცდილობენ, რომ ეს ფორმატი იყოს არაეფექტური იმიტომ, რომ მათი ხელით კი არ მოხდეს ფორმატის განადგურება, არამედ სხვისი ხელით და თუ ეს ქართველების ხელით იქნება, ეს პირდაპირ ეთანხმება რუსეთის ინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შენარჩუნება. სხვა ფორმატში რუსეთის არ გააკეთებს ფორმატის საბოტირებას? ვფიქრობ, რუსეთი ამას განაგრძობს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

დავით სიხარულიძის თქმით, რუსეთში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნა კი არაა მთავარი პრობლემა, არამედ მთავარი და უმძიმესი პრობლემაა თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკა.

„პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნა კი არა, მთავარი და უმძიმესი პრობლემაა თვითონ პოლიტიკა. ეს პოლიტიკა არ დაწყებულა დღეს და გუშინ, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ხორციელდება და ეს არის სწორედ ის, რაც არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია.

რუსეთის მთავარი ამოცანაა ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრა, საქართველოს ეროვნული ინტერესების განადგურება და იმ არჩევანის, რომელიც მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აქვს გაკეთებული, ევროინტეგრაცია, თავისუფალი სახელმწიფოს შენება, ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, ამის წინააღმდეგია რუსეთი. ენერგეტიკული დამოკიდებულება, სავაჭრო დამოკიდებულება, ფინანსური დამოკიდებულება ზრდის რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჰიბრიდული ბერკეტებით ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ ინტერესებს, ესაა სწორედ მთავარი საფრთხის მატარებელი. რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს აღიქვამს როგორც არანორმალურობას და ცდილობს ის აქციოს საკუთარ თავზე დამოკიდებულ წარმონაქმნად, რაშიც „ქართული ოცნების" პოლიტიკა ხელს უწყობს. ეს სავაჭრო ურთიერთობები გაცილებით ფურო დიდი რისკის მატარებელია ქართული სახელმწიფოსთვის, ვიდრე რამის მომტანი. ძალიან არასწორია და მძიმეა ის, რომ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, ფინანსური და ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე ასე ბრმად და გაუაზრებლად იზრდება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რუსეთი ამას აუცილებლად ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვას, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ ასეთი პროცესი რუსეთს საკუთარი ამოცანების შესრულებაში ეხმარება.

„რუსეთის სტრატეგიული ამოცანა გახლავთ ქართული სახელმწიფოს განადგურება, დაკნინება და საქართველოს ქცევა საკუთარ სატელიტად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი რიგის ამოცანაა ის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს რეპუტაცია იქნას მაქსიმალურად დაკნინებული და ქართული მოსახლეობა დააპირისპიროს ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში და გააღვივოს შუღლი. ყველა ამ ამოცანის შესრულებას ეხმარება ასეთი ტიპის პროცესი“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ