პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მისცა დავალება საკონსტიტუციო სასამართლოს, რა გადაწყვეტილებას ელის. მან თქვა პირდაპირ, რომ ხალხს სჭირდება სხვა ტიპის ოპოზიცია. ვინ ეკითხება მას, ხალხს როგორი ოპოზიცია სჭირდება? ვინ მისცა მას უფლება გადაწყვიტოს, მოქალაქეს როგორი პოლიტიკური პარტიის არჩევა უნდა?! - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა აღნიშნა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ოპოზიციის დღეები დათვლილია“.
როგორც ხორგუანმა განმარტა, მათთვის დღესაც გაუგებარია, რატომ არის პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელში „გახარია საქართველოსთვის“ შეყვანილი.
„ჩვენთვის როგორც თავშივე იყო გაუგებარი, ახლაც გაუგებარია, რატომ არის ჩვენი პარტია ამ სარჩელში. ამის გაგებას ვცდილობთ ორი დღეა - რატომ ვართ, რა სამართლებრივი საფუძვლებით ვართ ამ სარჩელში. ეს გაუგებარია ჩვენთვისაც და გაუგებარია ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც, გაუგებარია აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც საღი აზრი გააჩნია ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, არანაირი არგუმენტი, დასაბუთება იმის, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ამ სარჩელში უნდა იყოს, ამ ორი დღის განმავლობაშიც არ მიგვიღია, როგორც მანამდე არ გვქონდა. ჩვენ გვაქვს უფლება ვიკითხოთ. მართლა ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, იქ ჩამოთვლილი კონკრეტული ფაქტიდან მე, სოფიო ხორგუანს რას მედავებიან? ჩვენ, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ რას ედავებიან კონკრეტულად არ ჩანს. ეს არის ფაქტი!
რაც შეეხება მოსამართლეებსა და მათ ქმედებას, ის, რომ არცერთი შუამდგომლობა, რომელიც დაყენებულია, არ არის გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რა თქმა უნდა, გვაძლევს უფლებას, ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება.
[რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პოლიტიკური შეფასებების უფლებას არ აძლევს და მოუწოდებს, სამართლებრივ ჩარჩოებში ისაუბრონ], ჩვენ ვხედავთ, სულ უფრო მეტად როგორ იზღუდება პოლიტიკური უფლებები. როცა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაზე ვლაპარაკობთ, რა ტიპის საუბარი უნდა გვქონდეს? მათთვის არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური არგუმენტები არაფერს ნიშნავს და ცდილობენ შეზღუდონ ჩვენი საუბარი, უფლება დავიცვათ თავი. ჩვენ თავს ვიცავთ იმიტომ, რომ ჩვენ იქ წარმოვადგენთ ხალხს, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და ვიყოთ ბოლომდე სამართლებრივად კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანება. ამას ვაკეთებთ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ოპოზიციური პარტიების დღეები დათვლილია“, ეს არის ზეწოლა. როცა პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის მმართველი აკეთებს განცხადებას, რომ ჩემი დღეები დათვლილია, ამას ამბობს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და მე ოპოზიციაში მყოფი პარტიის წარმომადგენელი თუ ვიტყვი ამას, რომ დიახ, ამ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩემი დღეები დათვლილი იყოს, როგორც პოლიტიკური ძალის, ჩემი განცხადება ზეწოლად აღიქმება და მისი არა. „ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიტიკური უფლება შეზღუდოს, პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მათ არ ემონებიან, მათ ჭკუაზე არ ივლიან, მათსავით არ ვილაპარაკებთ, მათ ენაზე არ ვილაპარაკებთ, მათ დონეზე არ დავეშვებით, აგვკრძალოს. როცა მე ამას ვამბობ, ჩემი განცხადება ზეწოლად აღიქმება და მათი მმართველის არა. დიახ, მას არ აქვს უფლება როგორც მმართველს. გააზრებული რომ ჰქონდეს, რა პასუხისმგებლობას უნდა ატარებდეს მმართველი, მაშინ ასეთი განცხადება მისი მხრიდან გაკეთებული არ იქნებოდა. მან პირდაპირ მისცა დავალება საკონსტიტუციო სასამართლოს, რა გადაწყვეტილებას ელის. მან თქვა პირდაპირ, რომ ხალხს სჭირდება სხვა ტიპის ოპოზიციაო. ვინ ეკითხება მას, ხალხს როგორი ოპოზიცია სჭირდება, ვინ მისცა მას უფლება გადაწყვიტოს მოქალაქეს როგორი პოლიტიკური პარტიის არჩევა უნდა?!“- განაცხადა ხორგუანმა.
მისივე თქმით, „არც ბიძინა ივანიშვილმა იცის, რა იქნება ხვალ და ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ქვეყანაში არის ქაოსი“.
„რა იქნება? არცერთმა დეპუტატმა პარლამენტში „ოცნებიდან“, „ოცნება 1“ „ოცნება 2“ რომ გვყავს, არცერთმა 88 დეპუტატიდან არ იცის, რა იქნება ხვალ. არცერთმა მათგანმა არ იცის. ვფიქრობ, რომ არც ბიძინა ივანიშვილმა იცის, რა იქნება ხვალ და ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რასაც ვუყურებთ, ისეთი ქაოსურია ეს გადაწყვეტილებები, ვინ როდის რა გადაწყვეტილებას იღებს, როდის რას აკეთებენ, მერე იღებენ გადაწყვეტილებებს.
პარტიები უნდა აიკრძალოს თუ არა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და თქვეს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან თუ არა, არავინ იცის ეს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, რაღაც გადაწყვეტილებას რომ ამბობენ დღეს, მეორე დღეს ამბობენ სრულიად სხვას. ეს არის ქაოსი და ამ ქაოსს ეძახიან მართვას. ჰგონიათ, რომ გენიოსებს შეუძლიათ ქაოსის მართვა და ეს განსაკუთრებული ამბავია. რეალურად ამ ადამიანებმა ქვეყანაში შექმნეს ქაოსი და ამ ქაოსის პირობებში, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ვიყოთ მყარი ჩვენს გადაწყვეტილებაში.
შეიძლება აკრძალონ, შეიძლება ნაწილობრივ აკრძალონ, შეიძლება რომელიღაცა პარტიები აკრძალონ, რომელიღაცა არა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის, ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რაც კი არსებობს. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ჩვენ სამართლებრივად მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. რეალურად ეს ბრძოლა გაგრძელდება ნებისმიერ პირობებში“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.