პრობლემა არ არის თუ „ტელეფონი“ იარსებებს საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს მტრებს შორის, რომ რაღაც საკითხები განხილული იყოს, რაღაც კავშირი არსებობდეს, მაგრამ ეს კავშირები პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც შენ არავინ გიდგას გვერდით! არავინ ზურგს არ გიმაგრებს, მარტო, პირისპირ რჩები იმპერიის წინაშე. ეს არის გაჟლეტის, გასრესის წინაპირობა. ამას უნდა მოველოდეთ, მარტო დარჩენილ საქართველოს ნებისმიერ ფორმატში გასრეს რუსეთის იმპერია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც „ზურგი არ გაქვს, კადრი არ გყავს, იზოლაციაში ხარ და გერმანიის ელჩს ესხმი თავს, ამ პირობებში, არავის გაგზავნა არ სჯობდა, ვინაიდან ეს ნიშნავს რომ 100-0 გაქვს წაგებული“.
„საქართველომ გაწყვიტა ყველანაირი ინსტიტუციური კავშირები და თანამშრომლობის ფორმატები საქართველოსთან. დასავლეთთან აიღო იზოლაციის პოლიტიკის გეზი, მარტო დარჩა, რუსეთის პოლიტიკას იზიარებს, ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს, ცდილობს რიგ საკითხებში დაექვემდებაროს რუსეთს, მაგრამ რუსეთთან ფორმალური და ინსტიტუციური კავშირები მას არ აქვს. ჰაერშია დარჩენილი. ახლა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები იწყებენ ამ ინსტიტუციური კავშირების მშენებლობას. ისინი არამხოლოდ არაფორმალურად და ზოგადი პოლიტიკის დონეზე კი არ გაიზიარებენ რუსეთის შეხედულებებს, არამედ მასთან აშენებენ ამ ინსტიტუციურ კავშირებს, ფორმალურ კავშირებს. რა თქმა უნდა, ეს არ მივა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი რაც არსებობს კავშირების ფორმა, დიპლომატიური ურთიერთობების მიღმა, ყველა ამ ურთიერთობების გამოღვიძებას დაიწყებს „ქართული ოცნება“. არანაირი პრობლემა არ არის თუ „ტელეფონი“ იარსებებს საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს მტრებს შორის რომ რაღაც საკითხები განხილული იყოს, რა რაღაც კავშირი არსებობდეს, მაგრამ ეს კავშირები პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც შენ არავინ გიდგას გვერდით! არავინ ზურგს არ გიმაგრებს, მარტო, პირისპირ რჩები იმპერიის წინაშე. ეს არის გაჟლეტის, გასრესის წინაპირობა. ამას უნდა მოველოდეთ, მარტო დარჩენილ საქართველოს ნებისმიერ ფორმატში გასრეს რუსეთის იმპერია.
აქეთ არის რუსეთის დიპლომატია, ათასი ხლართის შემქმნელი დიპლომატია, რომელიც ყველას ატყუებს, ყველას გადააგდებს და ძალადობს, ჩვენ კი ვაგზავნით საქართველოს საგარეო უწყებას, რომელიც დაცლილია იმათგან, ვინც კი ვინმე გავლენიანი დიპლომატი იყო. ამ პირობებში, არავის გაგზავნა არ სჯობდა. როდესაც ზურგი არ გაქვს, კადრი არ გყავს, არავინ არ გყავს მომზადებული, იზოლაციაში ხარ და აქ გერმანიის ელჩს რომ ესხმი თავს, ასეთ დროს რომ ვიღაცას აგზავნი, ნიშნავს რომ 100-0 გაქვს წაგებული“, - აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.