ეს იქნება ფორსირებული რეჟიმით განხილული საკითხი და დარწმუნებული ვარ, განსხვავებული აზრის აკრძალვას, განადგურებას, ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას ემსახურება ეს კონსტიტუციური სარჩელი - ამ პროცესით თავისივე რეგლამენტი დახია და გადაყარა საკონსტიტუციო სასამართლომ,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილებოდა.
ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ პლენუმი რიგი საკითხების გადაწყვეტისას ტენდენციური და მიკერძოებულია და დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოწმის სახით კონკრეტული მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.
„რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს შუამდგომლობებს მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. ამის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის დასაბუთებული შუამდგომლობები, რაც წარმოვადგინეთ ჩვენ, არ დაკმაყოფილდა, პირველ რიგში, საქმის გამოყოფასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ პოლიტიკურ პარტიებთან რაიმე კავშირი, ან წარსული, ან აწმყო, ან მომავალი ჰქონდეს ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ ხელოვნურ კომპილაციურ სარჩელზე, რომელიც წარმოადგინა „ოცნებამ“ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით. პირველი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მომზადების და სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა, იმიტომ, რომ 13 ოქტომბერს ჩაგვბარდა კონსტიტუციური სარჩელი და ერთი თვის ვადა გვქონდა შესაგებლის წარმოსადგენად. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო სხდომებზე განხილვა არსებითად და ამ პროცესით თავისივე რეგლამენტი დახია და გადაყარა საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როგორი ტენდენციური და მიკერძოებულია პლენუმი გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას. ამიტომ, ეს იქნება ფორსირებული რეჟიმით განხილული საკითხი და დარწმუნებული ვარ, განსხვავებული აზრის აკრძალვას, განადგურებას, ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას ემსახურება ეს კონსტიტუციური სარჩელი“, - განაცხადა სიჭინავამ.