„ქართული ოცნება“, როგორც სამარცხვინო, მოღალატე მმართველი ძალა უნდა შევიდეს საქართველოს ისტორიაში, უკვე შესულია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ფაქტებით დადასტურება, არა მხოლოდ შეფასებებით და ჩვენი საზოგადოების დღევანდელი აღქმებით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა.
გიორგი სიორიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიაში შევა ისე, როგორც ბოლშევიკური პარტია.
„გაივლის წლები, ათწლეულები და „ქართული ოცნება" ისტორიაში შევა ისევე, როგორც ბოლშევიკური პარტია. როგორც იქცეოდნენ ისინი 20-იან და 30-იან წლებში. ამას გარდა, ჩვენ არა მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოებისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის საკომუნიკაციოდ გვჭირდება ფაქტები, დადასტურება, არა მხოლოდ რაღაც პოლიტიკური შეფასებები, არამედ იმის მხილება და წარმოჩენა თუ რას წარმოადგეს ეს ძალა. სასამართლოს იყენებს ინსტრუმენტად თავისი მიზნების მისაღწევად, მას აქვს ორი მიზანი, ამ ქვეყანაში გააფორმოს დიქტატურა, აკრძალოს მთელი ოპოზიციური სპექტრი და გააქროს პოლიტიკური ველიდან. მსგავს პრეცედენტს არ იცნობს მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ისტორია. ამას სამართლებრივ საფუძვლებთან არაფერი საერთო არ აქვს. თეთრი ძაფით არის ეს სარჩელი შეკერილი და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ერთ სარჩელში ხელოვნურად გადაბმული ეპიზოდებით ცდილობენ ყველას აკრძალვას.
მეორე უფრო მეტად მნიშვნელოვანი საფრთხე გახლავთ რუსული პოლიტიკის დაკანონება, არგაღიზიანების პოლიტიკისთვის და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისთვის საკონსტიტუციო სასამართლო მეშვეობით ბეჭდის დასმა. „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი კრიტიკა საბოტაჟად და ღალატად ჩაითვლება. აი ამად უნდა გადააქციოს ახლა საქართველო ბიძინა ივანიშვილმა, ამისთვის პარლამენტში არ ჰყოფნის საკონსტიტუციო უმრავლესობა და იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს.“- აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
სიორიძის თქმით „ბიძინა ივანიშვილის გეგმას ასრულებს „ქართული ოცნების“ გუნდი”.
„ეს გეგმა რა თქმა უნდა გაწერილია, როგორი იქნება გრაფიკი ამის მარჩიელობა ახლა რთული იქნება, იმიტომ რომ ყოველ დღე რაღაც ახალ ახალ მცირე სიურპრიზებს გვთავაზობენ ხოლმე, ახლა აღმოჩნდა რომ პროცესები როგორც მინიმუმ ერთი კვირა იქნება.
დღეს სასამართლოზე გაჟღერდა, რომ შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი პროცესი დაემატოს, 30 დღე არ ეყოს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს , მთავარი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმას ასრულებს „ ქართული ოცნების“ გუნდი და სამწუხაროდ სასამართლო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი ექვემდებარება ივანიშვილის ვერტიკალს“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.