ნიკა გვარამია 4 ოქტომბრის აქციაზე - არ ვგმობდით, მაგრამ არ მოგვწონდა ეს იდეა - მე ციხეში ვიყავი და აქციაზე ვერ ვიქნებოდი, ეს აქცია ძალადობრივი არ იყო

4 ოქტომბერს მე ციხეში ვიყავი, აქციაზე ვერ ვიქნებოდი, - ძალადობრივი ეს აქცია არ იყო, - ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პლენუმის მოსამართლის, სერგო მეთოფიშვილის კითხვას - როგორია „კოალიცია ცვლილების“ პოზიცია 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კოალიციის წევრთა პოზიციები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
„ჩვენ არ ვგმობდით, მაგრამ არ მოგვწონდა ეს იდეა. საჯაროდ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ არ მივიჩნევდით ამას სწორად, სუფთა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან, მათ შორის. დაანონსება კონკრეტულ დროს - ცოტა ჰგავდა ემოციებზე თამაშს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ეს ყველამ იცის, ამ დარბაზშიც და მე მგონი, მის ფარგლებს გარეთაც. [აქციაზე არ ვიყავი], ციხეში ვიყავი, აქციაზე ვერ ვიქნებოდი.
ჩვენ არ გვქონდა პარტიული გადაწყვეტილება. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ მიგვაჩნია სწორად, მაგრამ ვერავის ვერ შევუზღუდავდით. ჩვენი პარტიის წევრები აქციაზე ალაგ-ალაგ ალბათ იყვნენ. ჩვენ არ შეგვიზღუდავს, არ გვითქვამს, რომ არ წახვიდეთ. ზოგადად, ასეთი დამოკიდებულება პრაქტიკულად გამორიცხულია.
პარტიის პოზიცია იყო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ამაში მონაწილეობას არ იღებს და არ დავაორგანიზებთ“, - განაცხადა გვარამიამ და პლენუმის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეს პოზიცია საჯაროდაც იყო გაცხადებული.
გვარამიას განმარტებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ პოზიცია ცნობილია საკონსტიტუციო დარბაზი მყოფთათვის, მაგრამ მისვე თქმით, „სახელმწიფო გადატრიალება, თუ კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, ასეთი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციისადმი კოალიციას არ ჰქონია.
„ჩვენ ვთქვით, რომ ვისაც უნდა ის დაესწრება და ეს არ არის პარტიული გადაწყვეტილება, ის ხალხი იქ იდგება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ოღონდ, ძალადობრივი ეს აქცია არ იყო, ასე ეს აქცია არასდროს გამოცხადებულა. ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ თუ არა აქციაში, რომელიც მშვიდობიანია, ეს ერთი საკითხია, თუ ის გადაიზრდება ძალადობაში და ამ ძალადობაში ჩაერთვებიან თუ არა, მეორე საკითხია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

























