კომპანია "ჯეოსელმა" იყალთოს სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ძირითადი ეტაპი დაასრულა .
ჩატარებული სამუშაოების შედეგებს დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, კომპანია "ჯეოსელის" ხელმძღვანელი ოსმან თურანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, პარლამენტის წევრები დაათვალიერებენ.
2008-2010 წლებში "ჯეოსელის" უშუალო მხარდაჭერით და ალავერდელი მიტრპოლიტის, მეუფე დავითის კურთხევით, მონასტრის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება, გამაგრდა ტაძრის მთელი პერიმეტრი, გაიწმინდა ტაძრის ფასადი, გადაიხურა კომპლექსის სამივე ეკლესია, მოხდა მიწის საფარის შედეგად გამოჩენილი უძველესი ნაგებობების ნაშთის კონსერვაცია, ასევე, ძირითადი ტაძრის ინტერიერის მოსაწესრიგებელი სამუშაოების ჩატარება დაიწყო.
დღეისათვის გამაგრებულია ტაძრის საძირკველი, მოხსნილია ძეგლის ფასადის თეთრი ნალესობა, რომელიც ტაძრის იერსახეს აქამდე ფარავდა. იყალთოს მონასტრის მთავარი ტაძარი და ტერიტორიაზე არსებული ძეგლები გადახურულია უძვირფასესი - ესპანური კრამიტით, რომელიც ძალიან ჰარმონიული აღმოჩნდა იყალთოს მონასტრის არქიტექტურისთვის.
2007 წლიდან დღემდე მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებულია არქეოლოგიური კვლევები, დასრულებულია ძეგლის ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და იყალთოს მონასტრის მთავარი - რიგით მეექვსე სარეაბილიტაციო ეტაპი. შესრულებული სამუშაოები ხელს უწყობს როგორც სამონასტრო ცხოვრების, ასევე ტურიზმის განვითარებას.
იყალთოს მონასტრის სრული რეაბილიტაციის პროექტს კომპანია "ჯეოსელი" 2007 წლიდან ახორციელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობით მონასტერში მასშტაბური სამუშაოები ძეგლთა დაცვითი პრინციპების სრული კონტროლით ხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კახეთის რეგიონში რამდენიმე ათეული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები რეგიონში ზამთრის დადგომამდე დასრულდება.
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კახეთში, თელავის სიახლოვეს. დღემდე მოაღწია ფერიცვალების (VIII-IXსს), სამებისა და ყოვლდაწმინდის (XII-XIIIსს) ეკლესიებმა.
იყალთოს მონასტერი VI საუკუნეში დაუარსებია ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს - ზენონს. გადმოცემის თანახმად, აქ არსენ იყალთოელის (XI-XII|) თაოსნობით ქართული კულტურისა და განათლების მნიშვნელოვანი კერა - იყალთოს აკადემია დაარსებულა.
გელათისა და იყალთოს აკადემია დავით აღმაშენებლის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის დაგვირგვინებად მიიჩნევა. ხალხური გადმოცემა იყალთოს აკადემიასთან აკავშირებს შოთა რუსთაველის ცხოვრების გარკვეულ წლებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"