ერთი ოთახი - რუსეთი, მეორე - ამერიკა

მარიამ სხილაძის სპეციალური რეპორტაჟი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან

შიდა ქართლში მივდივართ. ავტობანი უკვე გორამდეა მისული და ვარიანის გადასახვევამდე მისასვლელად ნახევარი საათიც გვყოფნის. გულწრფელად ვფიქრობ, მართლა საოცარი გზაა, ისეთი, უცხოეთის ქვეყნებში რომ მინახავს...

როგორც კი ნიქოზისკენ გადავუხვიეთ, გზა დავიწროვდა და ალაგ-ალაგ "დაკერებული" გახდა. პირველი, რასაც ამ გზაზე გადავეყარეთ, შინაგანი ჯარის ჯავშანტექნიკაა. ნათელია, კონფლიქტის ზონა იწყება და ზღაპარიც ამ გადასახვევთან მთავრდება.

ზემო ნიქოზის ასასვლელში საგუშაგოზე გვაჩერებენ და გვეკითხებიან, ვინ ვართ და სად მივდივართ. ვპასუხობთ, რომ თბილისიდან ვართ და ნიქოზში მივდივართ… გვიშვებენ...

ზემო ნიქოზში ტაძართან ვჩერდებით. პირველივე შემხვედრს ვეკითხებით, როგორ არის საქმე. აშკარად ჩანს, აქაურები ისეთი მონატრებულები არიან ამ კითხვას, რომ თავის გასაჭირს ძალდაუტანებლად და დაწვრილებით ყვებიან.

60 წლის ნელი ლომსაძე ამბობს, რომ ახლახან დაბრუნდა გორიდან, სადაც პომიდორი, მწვანილი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინა. მიკვირს, ნიქოზელებს გორში პომიდვრისა და მწვანილის საყიდლად რა გინდათ-მეთქი?

"ჩვენი ბაღები იქით მხარეს დარჩა და ვერ შევდივართ. ნიქოზში სამი წელიწადია, წყალი არ ყოფილა, დავთესეთ, მაგრამ ერთი გრამი არაფერი მოვიდა. ამხელა სოფლის მოსახლეობა უმუშევრად ვართ. 47 დაჭრილ ჯარისკაცს ვუვლიდი ომის დროს, შვილო. სახლში მყავდნენ, ზოგს სად ვპოულობდი და ზოგს სად... ერთ საღამოს არხზე წავედი, ბიჭებს სასმელი წყალი ამოვუტანო-მეთქი და ჩვენი ჯარისკაცი დამხვდა არხში გულაღმა ჩავარდნილი. ცოცხალი იყო. ზურგზე ხელები ჩამჭიდე, აქ არ დაგტოვებ – მეთქი. 38 კილო მარტო "ბრონეჟილეტი" ეცვა. ახლაც არ მახსოვს, ზურგზე როგორ მოვიკიდე და სახლამდე მოვათრიე. ბიჭებმა იარაღი დაგვიმიზნეს, ღამე იყო და ვერ გაარჩიეს, ვინ ვიყავით"…

ქალბატონ ნელის სახლში მივყავარ, უნდა მაჩვენოს ლოგინი, სადაც დაჭრილი ბიჭები იწვნენ და სისხლი დღემდე არ მოსცილებია. უხმოდ მივყვები. მის სახლს, ისევე, როგორც ამ მხარეში სახლების უმეტესობას, ომის დროს ჭურვი მოხვედრია. სახურავი გაუკეთეს, ეგ იყო და ეგ... ეზოში მასპინძლის ვაჟი გვხვდება, უდროოდ დაბერებული ახალგაზრდა..

"ისეთი ნევროზი აქვს, შვილო, ეზოდან ვერ გადის. ომში იყო. ახლა სახლში ზის, არც სამსახური, არც მიწა დასამუშავებელი, ზის და ფიქრობს.. არც ჩემი ქალიშვილი მუშაობს. ასე ვართ, ღვთის ანაბარა. ამ კუთხის პატრონი კაცი არაა. გამგებელი ჩვენ არ გვინახავს და დეპუტატი, არც არავინ კითხულობს, როგორ ვართ, რით ვარსებობთ. სახლები იმათ გაუკეთეს, ვინც ამათთანაა, ამათთან ტრიალებს, ვისაც ჰქონდა იმის უნარი, რომ ებრძოლა. ვინც ხმა ვერ ამოვიღეთ, ასე ვცხოვრობთ, შვილო. სახლი თითქმის თავიდან არის ასაშენებელი. მხოლოდ სახურავია ახალი",,- ამბობს ნელი ლომიძე და წუხს, ასე დახვედრა კი არ გეკადრება, შვილო, მაგრამ რა ვქნათ, არ იფიქროთ სოფელში ცხოვრობენ და უზრდელები არიანო…ძლივს ამოვიღე ხმა, რას ბრძანებთ-თქო.

InterPressNews.Geმთხოვა, მეზობელს, ხუთშვილინ დედას ველაპარაკო. ნინო ახალგაზრდა, 33 წლის არის, ხელში ერთ წლამდე ბავშვი უჭირავს, კალთაზე ორი პატარა ებღაუჭება. სულ ხუთი შვილი ჰყავს, უფროსი - მეხუთეში, მეორე - პირველ კლასში. სოციალურად დაუცველი ოჯახია.

"წესით სასკოლო წიგნები საჩუქრად უნდა მიგვეღო, მაგრამ არც პირველკლასელისთვის მიუციათ და არც მეხუთე კლასელისთვის. დირექტორმა პასუხიც არ გაგვცა წესიერად. მე არაფრის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ერთ რვეულს 4 ლარი უნდა. საიდან უნდა მოვიტანო ამდენი?! საჭმლის ფული არ გვაქვს და სკოლის წიგნები რომ ვიყიდო, ხუთ შვილს რაღა ვაჭამო. ზარმაცები კი არ ვართ, ვერ ვმუშაობთ, ჩვენს ბაღებში ვერ შევდივართ. ბავშვები შიშში ცხოვრობენ, წუხელ ისეთი სროლის ხმა ისმოდა, ყველა ფეხზე წამოხტა. ხომ გესმით, როგორი ბათქ-ბუთქია?!"

აფეთქებების ხმა 10 წუთის ინტერვალით ისმის და მიწა ზანზარებს – თამარშენსა და კეხვში რაღაც წვრთნები ტარდება. ჩვენს შეკრთომაზე ადგილობრივები გვაპუსხობენ, რომ უკვე შეჩვეულეები არიან.

"ეს რა არის, შვილო, ხანდახან რომ დაიწყებენ სროლას, მთელი ღამე ისვრიან. ხალხს უკვე შიშისგან გული აქვს გახეთქვაზე. დანვეროზებულია მთელი მოსახლეობა. სიმსივნიანი ავადმყოფები მოგვიმრავლდნენ. ჩვენი პატრონი არ ჩანს. ერთადერთი მეუფე ისაია გვყავს. ისაა ჩვენი მშველელი, არც ომის დროს მივუტოვებივართ და ახლაც ყველაფრით გვეხმარება", - მეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი თამარ კობერიძე.

მეუფე ისაია

ზემო ნიქოზში იმედი აბსტრაქტული ცნება არ არის, აქ იმედს კონკრეტული სახელი აქვს და მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის ეპისკოპოსი ჰქვია.

თუ ამ მხარეში ვინმეს წამალი, მცირე ფინანსური დახმარება, უკიდურესი გაჭირვების დროს საჭმლი სჭირდება, მეუფე ისაიასგან იღებს. მეუფეს არც ომის დროს და არც ომის შემდეგ ერთი წუთითაც არ დაუტოვებია აქაურობა და დღეს ნიქოზელთა და ქართული სოფლების მოსახლეობის ერთადერთი ხორცშესხმული ნუგეშია. ამას ყველა იმ ადამიანის სახელით ვამბობ, ვისაც ოთხ სოფელში შევხვდით და ვისგანაც მეუფე ისაიასადმი ნათქვამი მადლიერი სიტყვა მოვისმინეთ.

ზემო ნიქოზელებს ვთხოვთ, ის ადგილი გვაჩვენონ, სადაც ოსებმა, თუ რუსებმა საზღვარი გადმოსწიეს. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ასეთი ფაქტი ზემო ნიქოზთან არ ყოფილა, ქვემო ნიქოზში მომხდარა, მაგრამ ჩვენს საგუშაგოსთან მისვლა მაინც გვირჩიეს.

საგუშაგოსთან მივედით, მესაზღვრეები გულღიად შეგვხვდნენ. ერთადერთი, რაც გვთხოვეს, არც მათთვის და არც საგუშაგოსთვის ფოტო არ გადაგვეღო. თხოვნას ვუსრულებთ. გორელ მესაზღვრეს საგუშაგოს სათვალთვალო ”ფანჯარასთან" მივყავარ.

InterPressNews.Ge"ცხინვალი არ გაინტერესებს? ხელისგულივით ჩანს". მართლა ხელისგულივით ჩანს. სახლები გადაუხურავთ, გარკვეული ნაწილი აღუდგენიათ კიდეც. თავად ქალაქისთვის კი დაახლოებით 5-მეტრიანი მიწაყრილი შემოუვლიათ. ჩემი მეგზური ამბობს, რომ მათი საგუშაგოს მიმართულებით პროვოკაციები თითქმის არ არის. "აქეთ არ ისვრიან. ახლა წვრთნები აქვთ და თამარაშენსა და კეხვში ვარჯიშობენ. ეს აფეთქებებიც იქიდან ისმის"…

ქვემო ნიქოზი

ქვემო ნიქოზში გზაზე ვჩერდებით, გამვლელებს ვთხოვთ, გვაჩვენონ სად არის ტერიტორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიტაცეს. გაჩერებასთან ერთი მამაკაცი და დედა-შვილი დგანან. მამაკაცმა გვითხრა, საითაც უნდა წავსულიყავით და გვთხოვა, მისთვის ფოტო არ გადაგვეღო. გოგონა უფრო აქტიურია და უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს, რის გამოც დედისგან შენიშვნას იღებს... აშკარაა, ამ სოფლებში შიში დიდი თვალებით გვიყურებს...

ქვემო ნიქოზის ცენტრისკენ მივდივართ. სოფლის ცენტრში ემზარ სულუაშვილი გვხვდება, რომელიც მომხდარის თვითმხილველი აღმოჩნდა.

"იარაღით გადმოვიდნენ ოთხნი. ორი "გრაჟდანი" იყო და ერთი ქალი. მიწის საზომით ზომავდნენ. ფორმიანები იყვნენ, რუსები თუ ოსები ვერ გავარჩიეთ. ჩვენი ბაღები აზომეს და ლიახვის პირის ჩაყოლებაზე სოლები ჩაასვევს. ეს ამბავი გუშინწინ მოხდა, მას შემდეგ ბაღებში აღარ შევსულვართ", - ეს ერთადერთი განმარტება, რომელსაც ამ სოფელში ვიღებთ და გზას დიცისკენ ვაგრძელებთ.

"ერთი ოთახი - რუსეთი, მეორე - ამერიკა"

დიცში ქართულ საგუშაგოს გვერდი ავუარეთ და სოფლის ბოლოსკენ, ერედვის მიმართულებით წავედით. მძინარაშვილების უბანში პირველივე მოსახლეს ვთხოვეთ, "ახალი საზღვრისკენ" წავეყვანეთ. 50 წლის რამაზი უყოყმანოდ მოგვყვება. ისიც თვითმხილველია...

"ორი დღის წინ იყვენენ გადმოსულები. "ურალის" მარკის მანქანით შვიდნი შემოვიდნენ, სამი გოგო იყო, ერთს თეთრები ეცვა. საზღვრის ქვემოთ ჩამოვიდნენ, რაღაცეები მოზომეს, არმატურები ჩაარჭეს და რიყის ქვები შემოაწყეს. მთელი მინდვრები დასერეს, ზოგგან სამასი მეტრი, ზოგგან 100, ზოგგან მეტი. ჩვენი სასმელი და სარწყავი წყლის არხები და ბაღებზე გადასასვლელი გზაც მოიყოლეს. ჩვენი პოლიცია დგას, რა უნდა ქნას. ისინი იარაღით ჩამოდიან, ესენიც რომ იარაღით დახვდნენ, ომი დაიწყება. მთავრობის დონეზე უნდა ამ საკითხს გადაწყვეტა. არადა რა გინდა რომ ქნა. ამ სოფელში ბერუაშვილების ექვსი ოჯახი მოყვა იმათ ახალ საზღვრებში",- ამბობს.

ჩემი მეგზური შორს, იმ ექვსი ოჯახიდან ერთ-ერთის უფროსს ხედავს და ეძახის. მაღალი, გამხდარი კაცი გვიახლოვდება. ძალიან ნერვიულობს და პირველი, რასაც გვთხოვს, არ უნდა გადავუღოთ. ჩემი კოლეგა მზია საგანელიძე ფოტოაპარატს მხარზე იკიდებს, ამ კაცის წყენინებას არც ფიქრობს.

"ნუ გადამიღებთ. ჩვენ ისეთ ადგილას ვართ მოყოლილები, რომ შეიძლება, ამაღამ მოვიდნენ და ყელი გამოგვჭრან. ჩვენი მშველელი არავინ იქნება... იმ დღეს მოვიდნენ. ერთ ოჯახს სახლი ისე გაუყვეს, ერთი ოთახი ჩვენსკენ დარჩა, მეორე თავისკენ მოაქციეს, თანაც დაგვცინეს - აქეთ რუსეთი იქნება, მაქეთ ამერიკაო. მართლა რომ ასე გაიაროს საზღვარმა, რა გვეშველება?...”.

ჩვენს გარშემო თანდათან ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება - მოხუცი პედაგოგი ქალი, რომელიც სოფლის განაპირას ცხოვრობს და სახლი ოსებმა გადაუწვეს; ამავე უბნის მცხოვრები შუახნის მამაკაცი და ერთიც მოხუცი პაპა...

მოხუცი პედაგოგი ქალბატონი გაჭირვებულ ყოფასა და იმაზე ჩივის, რომ ხალხს სოფელში შერჩევით ეხმარებიან - "არასამთავრობოების ის გვწყინს, შვილო - ერთეულებს აძლევენ ძროხებს, ქათმებს.. დიცში ყველა გაჭირვებულია. 15 ქათამს რომ ერთს აძლევენ, ორ-ორად გაყონ და სხვებსაც მისცენ. ზოგი ინვალიდიაო, ზოგი პატარა ბავშვიანიო... არც ინვალიდი მყავს და არც პატარა ბავშვი, მაგრამ სახლი გადამიბუგეს. 40 წლის ნაწვალები ქონება ერთ საათში გადამიწვეს. გაჭირვებული მქვია, აბა, რა მქვია. გამგებელი ამბობს, თქვენი ამბავი არ მეხებაო და აბა, რა ვქნათ შვილო, ვიღას მივმართოთ?!”..

იმის ახსნას, რომ გამგებელს მათი პრობლემა პირდაპირ ეხება, ვერ ვახერხებ. შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც ასევე არ სურს ვინაობის გამხელა, განუკითხაობისა და უყურადღებობის გამო ჩივის – "საერთოდ არავის ვახსოვართ. არც ადგილობრივ მთავრობას, არც გუბერნატორს. პრეზიდენტს ეს ტერიტორიები რამდენი ხანია, არც უხსენებია. ცოცხლები ვართ, თუ მკვდრები, არავინ გვკითხულობს. თუ ასე გაგრძელდა, ყველას სოფლის დაცლა მოგვიწევს. როცა ბრძოლა იყო, ბოლომდე ვიბრძოლე, სამშობლოსთვის არ მიღალატია. ახლა რაღა ვქნათ, რომ ამას არც ომი ჰქვია და არც მშვიდობა. გინდ აქ მოვმკვდარვარ მშიერი და გინდ ქალაქში. შიშში მაინც აღარ დავიძინებთ. ხომ გესმით აფეთქებების ხმა. ასეა მუდამ".

აფეთქებების ხმას უკვე შევეჩვიე. შევეჩვიე იმასაც, რომ ყოველ 10 წუთში ერთხელ მიწა ზანზარებს და ყურები მიგუბდება...

"ორჯერ ვიყავი აქედან ერედვში ასული ღამით წყლის გამოსაშვებად. წყალს ჩუმად ვუშვებთ ხოლმე დილამდე, სანამ შეამჩნევენ, იქნებ იდინოს და მორწყვა მოვასწროთ. თუ დაგვიჭირეს, წასულია ჩვენი საქმე",-ამბობს შუახნის მამაკაცი.

ჩემი უბადრუკი თანაგრძნობა რომ დავმალო, მანქანაში ვჯდები. ვიდრე ქორდისკენ მივდივართ, ის სურათი არ მცილდება - როგორ გადადიან დიციდან გაპარტახებულ ერედვში წყლის გამოსაშვებად ქურდულად ქართველები... მალვით მიიპარებიან საკუთარ მიწაზე, საკუთარი სიცოცხლის ფასად...

ქორდი

ქორდისკენ ქართული საგუშაგოს გავლით მივდივართ. საგუშაგოზე გვეუბნებიან, რომ პირდაპირ უნდა ვიაროთ. თუ შეგვეშალა და მარჯვნივ გადავუხვიეთ, სადაც ახალა "ისინი" საზღვარს აშენებენ, "ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს".

ჩვენც პირდაპირ სოფლის ცენტრში მივდივართ და აქაც იგივეს ვითხოვთ, რასაც დიცში - იმ ადგილების სანახავად თუ წაგვყვება ვინმე, სადაც "ახალი საზღვრები" მონიშნეს... სოსო ჯალაბაძე უყოყმანოდ გვთანხმდება. ჯერ მანქანით მივდივართ, ხეხილის ბაღებზე გზას ფეხით ვაგრძელებთ.

InterPressNews.Geსოსო იმავეს გვეუბნება, რასაც მთელი დღეა, ვისმენთ, რომ მოსავალი, რაც გლეხს უნდა მოეყვანა, არ მოსულა.

"ამ სოფელზე 30 ათასი ევრო იყო გამოყოფილი. საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ერთი სპორტდარბაზი, თუ რაღაც უნდა აშენდეს და არც ის დასრულებულა. ხალხი განერვიულებული და გამწარებულია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ, წყლის ფულს ვიხდით, შუქის ფულს ვიხდით, არანაირი შემოსავალი არ გვაქავს. ზამთარიც მოვიდა, არც შეშაა.. ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს არავის მიაქვს. თუ ასე გაგრძელდა, თუ ეს საზღვრებიც ჩამოწიეს, სოფელი დაიცლება"…

როცა შიდა ქართლში მივდიოდი, სულ ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს მადლობას ვეტყოდი, რომ აქ არიან; არ ტოვებენ აქაურობას და ჩემთვის ნამდვილი გმირები არიან. ახლა ამის თქმა ძალიან მიჭირს. მე თბილისში ვცხოვრობ, მშვიდად მძინავს, დღე და ღამე აფეთქებების ხმა არ მესმის, დაბინდების არ მეშინია... მრცხვენია ჩემი მშვიდი ცხოვრების გამო...

სოსო კი თხრობას განაგრძობს - "აქ ერთი ჩვენი სოფლელი კაცის ბაღია. ხუთი ჰექტარია მიზომილი. იმ დღეს "ბეტეერით" ჩამოვიდნენ და ზომავდნენ. მარტო არბოსა და ქორდის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი მიიზომეს. ამ საზღვრებს რომ ჩამოწევენ, ამ ბაღებსაც დავკარგავთ, სადაც ახლა ვდგავართ".

ჩვენ ზედ "ახალ საზღვარზე" ვდგავართ, ერთი ხელის გაწვდენაზე გადამწვარი ერედვია, უფრო შორს - ფრისი. კარგად ვარჩევთ ნასახლარებზე ამოსულ ხეებს. სახლები ჩაკარგულა და ჩანაცრულა. ჩვენგან ხელმარჯვნივ არბოს წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი ჩანს, მის პირდაპირ კი - ახალი რუსული სამხედრო ბაზა...

"რუსები ჩამოდიან ძაღლებით, ერთიც ოსი ახლავთ ხოლმე და ამ ტერიტორიას ამოწმებენ. იქეთ რომ დაგიჭირონ, ოსებს გადაგცემენ და ცხინვალში ჩაგიყვანენ... გულწრფელად რომ გითხრათ, ექვსი ავტომატიანი კაცი რომ გადმოვიდეს ამ ორ სოფელს, არბოსაც და ქორდსაც წინ გაირეკავს და კაციშვილი ჩვენი მშველელი არ იქნება",- ამბობს სოსო…

ყელში გაჩხერილ ბოღმას ძლივს ვყლაპავ. მეგზურს მადლობას ვუხდით, მშვიდობას ვუსურვებთ...

უკვე ბნელდება და უკან ვბრუნდებით. თან აფეთქებების ხმა მოგვდევს. ქართულ საგუშაგოს ვცდებით, ხმაც და ნაომარი სოფლებიც ნელ-ნელა უკან გვრჩება. წინ ახალი ავტობანი ჩანს განათებული, თანამედროვე, ისეთი - როგორიც უცხოეთის ქვეყნებში მინახავს.

მარიამ სხილაძე