მშრალი ხიდიდან თავისუფლების ქარტიამდე

მალხაზ ჭკადუას სპეციალური რეპორტაჟი მშრალ ხიდთან, ქვაფენილზე ძველებურ ტილოებზე საბჭოთა ბელადების გამოსახულებიანი მედლები და ორდენებია ჩამწკრივებული. აქვეა საბჭოთა საქართველოს დროშაც.

დაკვირვებული დამთვალიერებელი პიონერის გახუნებულ ყელსასხვევსაც შეამჩნევს.

გამვლელები ღიმილით ათვალიერებენ საბჭოთა დროის ექსპონატებს, რამდენიმე ხელშიც ათამაშებს სტალინის ფოლადის მედალს და გამყიდველს ევაჭრება.

ოთარ ჩხაიძეს კერძო კოლექციებიდან მოპოვებული თუ შემთხვევით ნაპოვნი საბჭოთა სიმბოლოები მშრალი ხიდზე გასაყიდად ყოველდღიურად გააქვს. თავადაც ძველი საბჭოთა პასპორტით დადის, რომელშიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მამის ფოტო უდევს. არ იცის, რომ შესაძლოა, მალე საქართველოში საბჭოთა სიმბოლოები ჩამოხსნან და საბჭოთა დროინდელი ტოპონიმებიც შეცვალონ.

პარლამენტარ გია თორთლაძის მიერ მომზადებულ "თავისუფლების ქარტიას" დაემატა კანონპროექტი - საბჭოთა სიმბოლოების საჯარო დაწესებულებებიდან ჩამოხსნას, ქუჩების, სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისთვის საბჭოთა დროინდელი სახელების გადარქმევას გულისხმობს.

"ქვეყანა საბჭოთა ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს", _ ამბობს პარლამენტარი და განმარტავს - "საბჭოთა ისტორია არ არის ჩვენი ისტორია, ეს თავსმოხვევითა და ძალადობით სავსე ეპოქაა, რომელმაც საქართველოს საუკეთესო ინტელექტუალები, მატერიალური და სულიერი კულტურის ნიმუშები შეიწირა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საბჭოთა ბელადების ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ, მაშინ დავუდგათ ძეგლი აღა-მაჰმად ხანს, თემურ ლენგს, შაჰ-აბასს... მითუმეტეს, რომ ბოლშევიკებზე მეტი საქართველოსთვის მათ არ დაუშავებიათ. თუ ვინმე საკუთარ სახლში, ეზოში სტალინის ან ლენინის ძეგლის დადგმას დააპირებს, ეს საჯარო განხილვის თემა არ შეიძლება იყოს, საუბარია დაწესებულებების შენობებიდან საბჭოთა სიმბოლოების ჩამოხსნაზე".

საბჭოთა საქართველო 1991 წლიდან აღარ არსებობს, თუმცა დედაქალაქის მთავარი გამზირის დასაწყისში, კინოს სახლის თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი ისევე დგას, როგორც პარლამენტის შენობის წინაფასადის ბარიელიფურ გამოსახულებაზე (მის ქვეშ ნამგლისა და უროს გარჩევა უკვე ჭირს); ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის ნაწილს დღემდე აქვს საბჭოთა დროინდელი პასპორტები.

საბჭოთა სიმბოლოების ამოღება საქართველოზე ადრე ბალტიისპირეთში დაიწყეს, მეტიც, სამივე ქვეყანაში საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლოები გააიგივეს და ისტორიის სანაგვეზე მიუჩინეს ადგილი. მაშინ დასავლურმა პრესამ ბალტიისპირელები რუსოფობიაშიც კი დაადანაშაულა იმ მიზეზით, რომ საბჭოთა ნამგალსა და უროს რუსეთის ჰიმნიც მიაყოლეს და რუსულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენის შესწავლა კატეგორიულად მოსთხოვეს.

"ეს ის შემთხვევაა, როცა თორთლაძეს უნდა დავეთანხმო", _ ამბობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი _ "საზოგადოება ვერ იქნება ორმაგი მორალის პირობებში. საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ, საბჭოთა მოჩვენებითი კეთილდღეობის მონატრებით გვინდა ვაშენოთ მომავალი საზოგადოება, თუ ჩვენთვის ჩვეულ რადიკალიზმს დავთმობთ და წარსულის მაგალითებს საკუთარ სახელს დავარქმევთ".

InterPressNews.Ge

ფილოსოფოსი შენიშნავს, რომ სტალინი დღემდე აქტუალურ პოლიტიკურ ფიგურად რჩება საქართველოში და იხსენებს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს - "გახსოვთ, როგორ მითოლოგიზურებულად უყურებდნენ შუახნის ასაკის მოქალაქეები სააკაშვილის დაბადების თარიღს? მათთვის მთავარი ის იყო, რომ სააკაშვილი და სტალინი ერთ დღეს დაიბადნენ. არჩევანს სწორედ ამ ნიშნით აკეთებდნენ. 2004 წელს ამ თემის მუდმივი პროპაგანდაც კი იყო".

თორთლაძის კანონპროექტი მისაღებია პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძისთვისაც, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა არა საბჭოთა სიმბოლოების არსებობა, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებაა.

ბალტიისპირელების მსგავსად, შარაშენიძე დანაშაულებრივი წარსულის გამო საბჭოთა და ნაცისტურ რეჟიმებს და სიმბოლოებს აიგივებს, თუმცა მისთვის მთავარია არა კანონის მიღება, არამედ საზოგადოების მენტალობის ცვლილება.

თორნიკე შარაშენიძე 2010 წელს შექმნილი ისტორიული სიმართლის დამდგენი სახელმწიფო კომისიის მდივანია. კომისიის მიზანია, შეისწავლოს რუსეთის 200 -წლიანი პოლიტიკის, მათ შორის საბჭოთა რეჟიმის შედეგები და შესაბამისი დასკვნები გამოაქვეყნოს. კომისიის შექმნის ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპაციის მუზეუმში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ისტორიული მეხსიერებისა და თანამედროვეობის ანალიზის შედეგად საქართველომ საბოლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი და განსაზღვროს პოლიტიკური ვექტორი.

InterPressNews.Ge

"საზოგადოება იმავე შეცდომებს უშვებს, რასაც ათეული წლების წინ კომუნისტები აკეთებდნენ, საქართველოში ნგრევა უფრო უდავილდებათ, ვიდრე - შენება", _ ამბობს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. მისი შეფასებით, საბჭოთა იმპერიალისტებიც ანგრევდნენ ძველი სისტემის ნაშთებს, ანადგურებდნენ მატერიალური კულტურის ნიმუშებს და ძალადობაზე აშენედნენ ახალ მასკულტურას.

"არ შეიძლება საკუთარი წარსული სანაგვეზე გადააგდო. გასული საუკუნის 90-იან წლებში "იმელის" შენობის წინ თამარ აბაკელიას მიერ შექმნილი ბარიელიფი მოანგრიეს, "არტოს ბაღში" მდგარი ხელოვნების ნიმუშებიც მოხსნეს და გადააგდეს... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს _ საკუთარ ისტორიას არ შეიძლება ასე მოექცე", _ ამბობს ლაშა ბაქრაძე.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა განმარტავს, რომ საქართველოში ბოლო წლებში ღირებულებათა გადაფასება აქტიურად მიმდინარეობს და საბჭოთა სიმბოლოებიც მნიშვნელობას კარგავენ.

გია თორთლაძის ინიციატივის კომენტირებისას ფსიქოლოგი ჩინურ ანდაზას იხსენებს: "ქალაქს ადამიანები და არა კედლები ქმნიან" _ "თუ შინაგან დიქტატს არ დავემორჩილებით და უარს ვიტყვით ტოტალიტარიზმზე, სწორედ მაშინ შევძლებთ ისეთი საზოგადოების შექმნას, როგორიც გვინდა რომ გვქონდეს".

…. . . მშრალ ხიდზე ისევ ხალხმრავლობაა, მყიდველის მისაზიდად ძველებური ნივთების გამყიდველები სხვადსხვაგვარად ირჯებიან.

"ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, მოიხსნას თუ არა კომუნისტური სიმბოლოები, თუმცა თვალს იმაზე ვერავინ დახუჭავს, რაც იყო", _ ამბობს ოთარ ჩხაიძე და ახალგაზრდა კოლექციონერს სტალინის მედალს შეთანხმებულ ფასად აძლევს. . .

მალხაზ ჭკადუა

"ინტერპრესნიუსი"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
BTU-ში ლექტორების აკადემია გაიხსნა
Classic World-ის ხის სათამაშოების ყველაზე უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშოები: ექსკლუზივი „პეპელას“ მაღაზიებში
„მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო Shining Light Award გადაეცა
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი