პედაგოგთა პროფავშირი 9 თვეა კრიზისში იმყოფება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, არ სრულდება განათლების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის მიმართვა საჯარო სკოლების დირექტორებისადმი, რომლითაც დირექტორებს პროფკავშირში გაწევრიანებისა და საწევრო ანარიცხების გადარიცხვასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ.
განათლების მინისტრის მიმართვის შეუსრულებლობაში მაია კობახიძე რესურს-ცენრების ხელმძღვანელებს ადანაშაულებს, რომლებიც მოუწოდებენ საჯარო სკოლების დირექტორებს, საწევრო ანარიცხები პედაგოგთა პროფკავშირში არ გადარიცხონ.
პროფკავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ 500-მდე საჯარო სკოლის დირექტორთან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა ისინი ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებენ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი მცდელობის მიუხედავად, მათ პროფკავშირთან განათლების მინისტრი არ თანამშრომლობს.
ამასთან, პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირების ფონზე, რაც პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მისმა გამარჯვებამ გამოიწვია, ორგანიზაციის ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა.
"ჩვენ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ წინა წლის ბიუჯეტის 1/12-ით. ამდენად, ორგანიზაციის დარჩენილი თანხების განკარგვა წესდებისა და დებულების სრული დაცვით ხდება", _ აღნიშნა მაია კობახიძემ.
მისივე თქმით, განათლების საერთაშორისო ინტერნაციონალმა დააფინანსა პედაგოგთა პროფკავშირის პროექტი _ "პირისპირ წევრებთან", რომელიც საქართველოს 12 რაიონში საარჩევნო კონფერენციების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ კონფერენციებზე პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს აირჩევენ.