26 მაისის აღლუმის რეპეტიციაზე თავდაცვის სამინისტრომ 3 სიახლე წარმოადგინა: ებრაული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "სპაიდერები" და ჯავშანმანქანები "ვულფი", თუმცა მთავარ სიურპრიზს თბილისში აწყობილი ჯავშანმანქანები "დიდგორი" წარმოადგენდა. ეს განცხადება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის "არსენალი" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა გააკეთა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ალადაშვილმა განუცხადა, "დიდგორი" აწყობილია ამერიკული "ფორდის" ტიპის პიკაპის ბაზაზე.
"აწყობის პროცესი თბილისის საავიციო ქარხანაში 2011 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. პიკაპები ქარხანაში შეიჯავშნა და აღიჭურვა სწრაფმსროლელი ექვსლულიანი ამერიკული ტყვიამფრქვევით "მინიგანი", _ განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე თქმით, "დიდგორის" აწყობის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჯავშანმანქანის საცდელი ვარიანტი. მათი აწყობა ახლაც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაზე ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მანქანის, შეჯავშნის, იარაღის, ჯავშანმინების და კომპოზიციური დაცვის საშუალებების ღირებულება. მანქანის 2 ვარიანტია დამზადებული: შედარებით გრძელი და მოკლე", _ აღნიშნა ალადაშვილმა.
მისივე განმარტებით, "დიდგორის" სადაზვერვო და ჯავშანტრანსპორტიორის დანიშნულებით გამოყენება შეიძლება, კლასით კი ის საქართველოს მიერ ადრე ნაყიდ თურქული წარმოების "კობრებს" უახლოვდება.
რაც შეეხება ებრაულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, "სპაიდერები" ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომში გამოიყენა, რაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის სრულ მოულოდნელობად იქცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"