პროფკავშირების გაერთიანება ქობულეთში სასტუმროს ტიპის კომპლექსს ხსნის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, სასტუმრო კომპლექსი "სოლიდარობა" ქობულეთში ოფიციალურად, ხვალ, 24 აგვისტოს გაიხსნება. იგი აღმაშენებლის #269-ში არსებული, ფაქტობრივად, დანგრეული სამკურნალო პოლიკლინიკის ბაზაზე გაკეთდა. შენობას კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
დღეისთვის, ქობულეთის სასტუმრო კომპლექსი "სოლიდარობა" წარმოადგენს 116–ადგილიან დასასვენებელ კომპლექსს, ლუქს-ნომრებითა და საკონფერენციო დარბაზით, რაც სემინარების, შეხვედრებისა და სხვადასხვა ტიპის კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
"ჩვენ, ჩვენი უცხოელი მეგობრების, პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, შევეცადეთ, შეგვექმნა ადგილი, სადაც ჩვენი წევრები ხარისხიან დასვენებასა და ხარისხიანი განათლების მიღებას ერთდროულად მოახერხებდნენ. ეს იქნება სწავლება–გადამზადების რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და შუა აზიის პროფკავშირელი მუშაკებისთვის, თუმცა, აქ მოსვლა, დასვენება, შეხვედრების ჩატარება, სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია", – აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
სასტუმრო კომპლექსში "სოლიდარობა" 70 ადამიანია დასაქმებული. გახსნას საქართველოს პროფესიული კავშირების პირველი პირები, წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"