პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი უძველესი გალავანის აღსადგენად 15 000 თბილისელის მხარდაჭერაა საჭირო. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს , დედაქალაქის მერია უძველესი გალავანის აღდგენის ინიციატივით გამოდის. ამ მიზნით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, ვებგვერდზე - www.chemitbilisi.com პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენის იდეასმხარი დაუჭიროს და საკუთარი აზრი გამოხატოს. იდეის განსახორციელებლად საჭიროა 15 000 თბილისელის მხარდაჭერა.
აღმოჩენილი გალავანი 110 მეტრის სიგრძისაა. ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა ზომის, ქვიშა-ქვასაგანით აშენებული, კოშკია (გოდოლი) განთავსებული. ორ დიდ კოშკს (გოდოლს) შორის ე.წ. თბილისის ციხე-ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე - "დიღმის კარის" არსებობა დასტურდება. კოშკის შიდა და გარეთა ნაწილებში აღმოჩენილია შუა საუკუნეების (XI-XIII სს) დროინდელი მოჭიქული და ჩვეულებრივი კერამიკა, მინის სამჭერები, მონეტები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.
როგორც მერიაში აცხადებენ, პუშკინის ქუჩაზე არქეოლოგები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ტერიტორიის დასუფთავება გრუნტისგან მიმდინარეობს, რათა აღმოჩენილი გალავნის გოდოლები სისრულეში იქნას მოყვანილი. ისტორიული გალავნის, შენარჩუნების შემთხვევაში, მოხდება საავტომობილო გზის აღდგენა, რისთვისაც ამჟამად საყრდენი კედელი ეწყობა.
ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად,ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ხოლო, თავისუფლების მოედნიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასევე ცალმხრივად, რუსთაველის გამზირიდან, ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით. მოძრაობა აღდგება ასევე სოლოლაკში ასათიანის ქუჩიდან თუმანიანი ქუჩის გავლით, მეიდნის მიმართულებით. განხორციელებული ცვლილებები, აღნიშნულ პერიმეტრზე მნიშვნელოვნად დაარეგულირებს სატრანსპორტო მოძრაობას.
თბილისის მერიაში მიიჩნევენ, რომ "ისტორიული გალავანის რეაბილიტაცია თბილისს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის; შენარჩუნდება ტურისტული, ღია სივრცე. გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, შენობებთან დაკავშირება ხიდებით იქნება შესაძლებელი; ქვედა დონეზე ტურისტებისთვის ინტეგრირებული სივრცე მოეწყო, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი, როგორც კონკრეტული ტერიტორიის, ისე ზოგადად დედაქალაქის შესახებ მისთვის სასურველ ინფორმაციას მიიღებს".
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"