საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ხვალ, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , "ბოლო წლებში უფლებაშელახულ პედაგოგებს" შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირებიდან აცნობეს, შეხვედრაზე პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე და მასწავლებლები განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებზე, პედაგოგთა უფლებების დაცვის ეფექტურ მექანიზმებსა და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელებს.
შეხვედრაზე, რომლის სახელწოდებაა "მასწავლებლები ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის ამაღლებისთვის", პედაგოგთა პროფკავშირი ახალ პროექტს წარადგენს. მათი ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ორგანიზაციის გაძლიერება და საქართველოში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა მსოფლიოს წარმატებული პროფკავშირული ორგანიზაციების ინოვაციური მეთოდებით. საერთაშორისო პროექტის სლოგანია – "ერთობისა და სამართლიანობისათვის".
"ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგები, რომელთა შრომითი თუ პროფესიული უფლებები ბოლო წლების განმავლობაში შელახული იყო და ხელისუფლების მხრიდან ორგანიზაციაზე განხორციელებული ორწლიანი უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, მასწავლებელთა იმედი პედაგოგთა პროფკავშირი იყო. ორგანიზაციის ახლებური ხედვა და პრიორიტეტები ემსახურება განათლების სფეროში დასაქმებულთა ინტერესების ადვოკატირებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სოციალურ-ეკონომიური და შრომითი უფლებების დაცვას ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგის წარმოებისა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების გზით", - აცხადებენ პროფკავშირებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"