გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე შსს მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ რუსუდან შარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში განცხადების შეტანის შემდეგ განუცხადა.
ასევე, რუსუდან შარაძე პროკურატურას წარუდგენს მოწმეების დაკითხვის ოქმებს.
"გურამ შარაძის მკვლელობას არაერთი მოწმე ჰყავს. ჩვენ დავეხმარებით გამოძიებას და დაკითხვის ოქმებს წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას. ამასთან, ვითხოვ პატრულის თანამშრომლების ლევან ბოჭორიშვილის და რობერტ ანიევის დაკითხვას, რომელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე დააკავეს გიორგი ბარათელი. ისინი აცხადებდნენ, რომ ბარათელმა გურამ შარაძეს ესროლა. ვითხოვ შოთა ხიზანიშვილის დაკითხვას, რომელიც მკვლელობისთანავე მყისიერად გაჩნდა მელიქიშვილის გამზირზე და აკონტროლებდა სიტუაციას - პატრულს რა უნდა ეთქვა და რა გაეკეთებინა. ვითხოვ პროკურორ გიორგი ჩავიაშვილის დაკითხვასაც, რომელიც გიორგი ბარათელის თქმით, მას აიძულებდა აღიარებითი ჩვენება მიეცა. ამასთან, პროკურორი მას ეუბნებოდა, რომ იცის, ის უდანაშაულოა, მაგრამ ვერაფრით დაეხმარება, რადგან ბრძანება ზემოდან მოდის", - აღნიშნა რუსუდან შარაძემ.
შარაძემ განცხადებასთან ერთად, პროკურატურას წარუდგინა რამდენიმე ფოტოსურათი, რომელიც მკვლელობის ადგილზეა გადაღებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"